ახალქალაქის მუნიციპალიტეტის პატარა სოფელი მოდეგამი ცარიელდება. ცუდი გზები, ბუნებრივი აირის, მაღაზიების არარსებობა და კიდევ ბევრი რამ ახალგაზრდებს სოფლის დატოვებისკენ უბიძგებს, ზრდასრულმა თაობამ კი იმედი დაკარგა, რომ ოდესმე ექნებათ ნორმალური ცხოვრების პირობები.
9 აგვისტოს, Jnews-ი, ბოლო ვიზიტიდან თითქმის 1,5 წლის შემდეგ, კვლავ ესტუმრა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მოდეგამს. ჩვენ არ გვქონდა მოლოდინი, რომ სოფელს აყვავებულს ვნახავდით, მაგრამ ამჯერად შევხვდით ადამიანებს, რომლებმაც იმედი დაკარგეს. ჩვენ მათში ის ოპტიმიზმი ვერ შევამჩნიეთ, წლების წინ იყო.
სოფელ მოდეგამში 32 ოჯახი ცხოვრობს, ძირითადად მოხუცები. სოფელში მხოლოდ 2-3 ახალგაზრდა ოჯახია.
“სოფელში მხოლოდ პრობლემები გვაქვს. გაზი არ არის, გზა არ გვაქვს, ჩვენი წყლის წყაროსთან 4 ბინა (მომთაბარე მწყემსების დასახლებები ცხვრის ფარებით) არის. წასული ახალგაზრდები არ ბრუნდებიან. მეც რომ მქონდეს შესაძლებლობა, დღესვე წავიდოდი სოფლიდან. ჩვენთან ხელისუფლების წარმომადგენლები მხოლოდ არჩევნების დროს მოდიან“, – ამბობს მარტინ ჩახალიანი.
სოფელს არ ახსოვს ბოლოს როდის აღნიშნეს ქორწილი. სოფლის სკოლა რვაწლიანია, მხოლოდ 5 მოსწავლე და 8 მასწავლებელი.
ზამთარში გზა ხშირად თოვლით იფარება, თუმცა მოსახლეობა ამას როგორღაც შეეჩვია. ისინი ბუნებრივ აირზე ოცნებობენ. მერის წარმომადგენლის გარიკ ჩახალიანის თქმით, სოფელში ბუნებრივი აირი რომ ყოფილიყო, მიგრაცია შესაძლოა შემცირებულიყო.
სოფელში ძირითადად მეცხოველეობით არიან დაკავებული. მოსახლეობა უჩივის, რომ ყველის მწარმოებლებმა რძის ყიდვა შეწყვიტეს, რძეს რა უყონ, არ იციან.
გარიკ ჩახალიანს 6 ძროხა ჰყავს. ის მიიჩნევს, რომ მწარმოებლების რძეზე უარის თქმა- რძის ფხვნილია.
„ყველს ვამზადებთ და კასრებში ვინახავთ, უკვე ერთი წელია რძის მყიდველები არ მოდიან ჩვენთან, სოფელი მოშორებულია, გზა ცუდია. ვნახოთ რას ვიზამთ, კლიენტებს ველოდებით“, – ამბობს გარიკ ჩახალიანი.
ნახაპეტიან მეხაკმა, როცა დაგვინახა, გაუკვირდა, რომ მათ სოფელში მართლაც უცნობები მოვიდნენ. ის 4 ძროხას ინახავს.
„იმედი აღარ გვაქვს, მე ვეუბნები, მოგვიტანეთ ბოთლი წყალი, 1 ლიტრი რძე წაიღეთ. წარმოიდგინეთ, ჩვეულებრივი წყალი რძეზე ძვირი ღირს, ჩვენი მდგომარეობა ძალიან მძიმეა, როგორც კი ფხვნილი გამოვიდა, ჩვენგან რძის ყიდვა შეწყვიტეს“, – ამბობს ნახაპეტიან მეხაკი.
მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე პატარა, მოშორებული სოფელი ცარიელდება, მოსახლეობა არ ნანობს სახლების მიტოვებას, რადგან უნდათ, რომ ელემენტარული პირობები მაინც ჰქონდეთ.