ბათუმის პორტთან მიმდინარე აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 9 პირი დააკავეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეები
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს „მიუხედავად სამართალდამცავების არაერთი მოთხოვნისა, აქციის მონაწილეებმა არ შეასრულეს კანონიერი მოთხოვნები, რის შედეგადაც 9 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.


მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ კანონით დაშვებულ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საზღვრებს“, – აცხადებენ შსს-ში. საპროტესტო აქცია ბათუმის პორტში გრძელდება. საკრუიზო ლაინერის მგზავრების ნაწილმა უკვე დატოვა პორტის ტერიტორია ავტობუსებით, ტურისტებს, რომლებსაც აქციის მონაწილეებმა პლასტმასის ბოთლებით წყლითა და  კვერცხებით ისროლეს. რუს ტურისტებს ტერიტორიის დატოვებაში პოლიციის თანამშრომლები დაეხმარნენ.

 

ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ცნობისთვის, საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ს, რომელიც სოჭიდან გამოვიდა, ბათუმის პორტში საპროტესტო აქცია დახვდა. პორტთან აქციას რიგითი მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ახორციელებენ. მოქალაქეებმა შეკრება გვიან ღამით დაიწყეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციელების დიდი რაოდენობა. აღმართულია რკინის ბარიერები.