ედგარ მაზმანიანი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელიდან ამერიკის საელჩოს Global UGRAD გაცვლითი პროგრამის ფინალისტი გახდა, სწავლას ერთი სემესტრით გააგრძელებს ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ ინდიანას უნივერსიტეტში. ედგარს ბავშვობიდან სურდა საზღვარგარეთ მიეღო განათლება და ეს უკვე სურვილი კი არა, რეალობაა.
ედგარმა დაწყებითი განათლება, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთლის საჯარო სკოლის სომხურ სექტორში მიიღო, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა და ამჟამად სწავლობს თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. წელს მან მეორე კურსი მაღალი აკადემიური მოსწრებით დაასრულა. ქართულ ენასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, პროფესიული არჩევანის გაკეთება გაცილებით რთული იყო მისთვის.
„როდესაც დავიწყე უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული პროფესიების ჩამონათვალის გაცნობა, მივხვდი, რომ მინდოდა მესწავლა საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. ვფიქრობდი, რომ ეს პროფესია სხვადასხვა სფეროს ცოდნას მომცემს, ასევე მინდა აღვნიშნო, რომ პროფესიის არჩევისას ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობა, სხვადასხვა სტრუქტურების მონახულება, როგორც საერთაშორისო ასევე სახელმწიფო, სადაც გავეცანი მათ საქმიანობას და სწორედ ეს დამეხმარა ჩემი პროფესიის არჩევის ორიენტაციაში”.
ედგარი აღნიშნავს, რომ თავიდან გაუჭირდა, მხოლოდ მოცემული მასალების სწავლა ასწრებდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს დაძლია, რასაც ქართული ენის კარგად ცოდნა დაეხმარა.
ედგარი მონაწილეობს სხვადასხვა პროგრამებში და უნივერსიტეტში სწავლების გარდა არაერთ აქტივობაშია ჩართული.
„ამჟამად საქართველოს წითელი ჯვრის წევრი ვარ და იქ ვმუშაობ, გარდა ამისა, აქტიურად ვმონაწილეობ სხვადასხვა საერთაშორისო და რეგიონულ პროგრამებში, ვცდილობ ვიყო აქტიური საქველმოქმედო ორგანიზაციებში და ერთ-ერთი ასეთი პროგრამა იყო Global UGRAD, სადაც ერთი სემესტრი სწავლას გავაგრძელებ აშშ-ში. ბავშვობიდან ძალიან მინდოდა განათლების მიღება საზღვარგარეთ, და აშშ-ში განათლების მიღება ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზანი იყო“.
პირველი ეტაპი იყო განაცხადების მიღება, წარმატებული წარდგენის შემდეგ ჩვენი გმირი გადის გასაუბრებას, შემდეგ კი ინგლისურში საერთაშორისო გამოცდას აბარებს და გარკვეული პერიოდის შემდეგ იღებს დადებით პასუხს.
„ვფიქრობ, რომ ამ პროგრამაში მონაწილეობა და აშშ-ში სწავლა მომცემს შესაძლებლობას მომავალში უფრო მკაფიოდ ვისაუბრო ახალგაზრდებთან უცხოურ განათლებაზე და მის მნიშვნელობაზე, შევძლებ მათთან იქ მიღებული ცოდნის და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას. და ვფიქრობ, რომ ეს გამოცდილება დამეხმარება მომავალში უფრო პროფესიონალი გავხდე ჩემს პროფესიაში და გავაფართოვო ჩემი მსოფლმხედველობა, მეყოლება ბევრი მეგობარი საზღვარგარეთიდან, რომლებიც დამეხმარებიან ჩემს საქმიანობაში და ეს ასევე მომცემს შესაძლებლობას, დავეხმარო ყველას, ვისაც საზღვარგარეთ სწავლის სურვილი აქვს”.
მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულია, ედგარი ცდილობს გამონახოს თავისუფალი დრო ოჯახისთვის და მეგობრებისთვის, უყვარს წიგნების კითხვა, სპორტი და მუსიკა.
JNEWS-ის კითხვაზე, რა ეხმარება მას წინსვლასა და წარმოქმნილი სირთულეების დაძლევაში, ჩვენმა გმირმა გვიპასუხა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მისი დიდი სურვილია, დაეხმაროს ადამიანებს. თვლის, რომ ჯერ კიდევ უწევს წინ სიარული, რათა მომავალში ხალხს დაეხმაროს, ცოლო ამისთვის დიდი ძალისხმევა და შრომაა საჭირო.
დასასრულს, ედგარმა ჩვენს მკითხველს მიმართა: „თუ ვინმე ფიქრობს, რომ მე შემიძლია დავეხმარო რაიმეში ან რაღაც აინტერესებს, მაშინ შეუძლიათ მომმართონ“.