გაეროს ერევნის ოფისთან სომხეთის მოქალაქეები შეიკრიბნენ მთიანი ყარაბაღისთვის ჰუმანიტარული დახმარების გადაცემის მოთხოვნით.

azatutyun.am -ის მოქალაქეები ადგილზე აგროვებდნენ ზეთს, ბურღლეულს, საბავშვო კვებას და სხვა პირველად პროდუქციას, რომელიც რთულად ან საერთოდ აღარ იშოვება მთიან ყარაბაღში.

აქციის ინიციატორები იმედოვნებენ, რომ გაერო, სხვადასხვა კონვენციების შესაბამისად, მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარულ გადაზიდვებს უზრუნველყოფს.

აქციის მონაწილეთა თქმით, სულ უფრო მეტი ადამიანი უერთდება მთიანი ყარაბაღის ბლოკადის მოხსნის მოთხოვნით ორგანიზებულ აქციებს, რადგან “ადამიანებს ესმით, რომ ათასობით ყარაბაღელს შიმშილი ემუქრება და ასე გაგრძელება შეუძლებელია”.

ამასთან, 15-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ სომხეთში შეშფოთება გამოთქვა. 15 ივლისს, სამმხრივი [ილჰამ ალიევი, ნიკოლ ფაშინიანი, შარლ მიშელი] შეხვედრის შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა აზერბაიჯანის კონტროლქვეშ არსებული აღდამის გზით შეტანილ ჰუმანიტარული დახმარების მნიშვნელობაზე ისაუბრა [ეს არის ასევე ბაქოს შეთავაზება]. არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ ლაჩინის გზის გახსნა, რომელიც მთიან ყარაბაღსა და სომხეთს აკავშირებს,  უალტერნატივო მოთხოვნაა.

აზერბაიჯანმა სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი ლაჩინის კორიდორი 2022 წლის დეკემბერს ჩაკეტა. გზის ჩაკეტვის გამო ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისია. ეს კრიზისი განსაკუთრებით უკანასკნელ თვეებში გამწვავდა, როდესაც აზერბაიჯანმა გზაზე ოფიცალური გამშვები პუნქტი ჩადგა და წითელი ჯვრის მეშვეობით მხოლოდ მძიმე პაციენტებს ატარებს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ პოლიტიკური, სოციალური და ეკოლოგიური პრობლემების პირობებში ყარაბაღში დიდხანს ცხოვრებას ვერ შეძლებენ. რაც შეეხება საყოფაცხოვრებო პროდუქციას სომეხი მოსახლეობისთვის ყარაბაღში, აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ მათ შეუძლიათ გამოიყენონ მარშრუტი აღდამი-ჰანქენდი.

2020 წლის სექტემბრამდე დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ტერიტორიის არსებული 11,450 კვ.კმ-დან აზერბაიჯანმა ომის დროს დაახლოებით 3,750 კვ.კმ დაიკავა და კიდევ 4,500 კვ.კმ 2020 წლის 10 ნოემბრის “სამმხრივი განცხადების” შესაბამისად მიიღო. კიდევ 250 კვ.კმ აზერბაიჯანმა სომხეთის ხელისუფლებასთან ზეპირი შეთანხმებებისა და 2021 წელს კიდევ ერთი სამხედრო შეტაკების შემდეგ აიღო. შესაბამისად, დღეს მთიანი ყარაბაღის დარჩენილი ტერიტორია 3 ათას კვ. კმ-ზე ნაკლებ ფართობს წარმოადგენს.

დღეს აზერბაიჯანის ხელისუფლებას სურს ყველანაირი ავტონომიიის გარეშე მთიანი ყარაბაღის დარჩენილ ტერიტორიაზე სრული კონტროლის მიღება და მთიანი ყარაბაღიდან მესამე მხარის გასვლა. ეს შეეხება როგორც რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტს, ასევე, შესაძლო ევროპულ მისიას.

netgazeti.ge