წყლის ვედროები, მზიანი და ნათელი ამინდი, ბედნიერი და ხალისიანი სახეები… ეს ყველაფერი მეტყველებს ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ დღესასწაულზე – ვარდავარზე.
16 ივლისს, თბილისში, სურბ ეჩმიაწინისა და სურბ გევორგის სომხური ეკლესიების ეზოში უფლის ფერისცვალების ან, როგორც ხალხი ამბობს, ვარდავარის დღესასწაული, ასევე ერთმანეთის გაწუწვის სასიამოვნო ტრადიცია აღინიშნა. ამბობენ, რომ ამ დღეს გაწუწვა ავადმყოფსაც კი კურნავს.
ტაძრებში წირვა-ლოცვა აღევლინა, რის შემდეგაც დაიწყო გაწუწვის ნამდვილი დღესასწაული.
უფლის ფერისცვალების დღესასწაული სომხური ეკლესიის ხუთი დღესასწაულიდან მესამეა, ეს დღესასწაული ასევე ცნობილია როგორც ვარდავარი. დღესასწაულის დროს ერთ-ერთი ხალხური წეს-ჩვეულებაა ერთმანეთზე წყლის მიწუწვა და მტრედების გაშვების ტრადიცია, რომელიც წარღვნის, ნოეს ოჯახის, ნოეს მტრედის გადარჩენის სიმბოლოა. ასევე მიღებულია ყვავილებით მორთვა, რაც ღვთის ძის ფერისცვალების დღესასწაულზე დიდი სიხარულის გამოხატულებაა. ვარდავრის დღესასწაულს წინ უძღვის ერთკვირიანი მარხვა, ხოლო შემდეგ ორშაბათს აღინიშნება მერელოცი – მიცვალებულთა ხსენების დღე.
ყველა ეკლესიაში აღევლინება სამახსოვრო ლიტურგია მიცვალებულთა სულების მოსახსნელად.
სურბ ეჩმიაძინისა და სურბ გევორგის ეკლესიების ეზოში დღესასწაულს ახლდა მხიარულება და სომხური სიმღერები, დამსწრეებმა “შურჯპარი” იცეკვეს და ერთად აღნიშნეს უკვე საყოველთაო საყვარელ დღესასწაულად ქცეული, რომელმაც მიიპყრო გამვლელების ყურადღება.