„ქართველ ტურისტებს დასვენება ყველაზე მეტად თურქეთში, კვიპროსსა და საბერძნეთში სურთ“, – ამის შესახებ „ვოიაჟერ 365“-ის გენერალური მენეჯერმა გოგა ქუცნიაშვილმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემა „კომერსანტის დილაში“ განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარე წელს საზღვარგარეთ დასვენებაზე ქართველი ტურისტების მოთხოვნამ პანდემიამდელ მაჩვენებელს გადააჭარბა.
„ზაფხული ძალიან აქტიური პერიოდია და შესაბამისად, მოთხოვნა ძალიან მაღალია. არა მხოლოდ გასული წლის ანალოგიურ პერიოდს, არამედ პანდემიამდელ პერიოდსაც გადავაჭარბეთ იმ მოთხოვნით, რომელიც ქართველი ტურისტებისგან მოდის.
გამოიკვეთა სამი ძირითადი მიმართულება, რომელსაც ქართველი ტურისტები ირჩევენ. პირველია თურქეთი, მიუხედავად იმისა, რომ იქ ზოგიერთ რეგიონში 30%-მდეც კი არის გაძვირებული ტურების ღირებულება. მეორე ადგილზეა კვიპროსი – აია ნაპას მიმართულება, რადგან კვიპროსმა შეძლო გასული წლის ფასების შენარჩუნება და მესამეა საბერძნეთის ნახევარკუნძული ხალკიდიკი.
გასულ წლებში საკმაოდ პოპულარული მიმართულება იყო ბარსელონასთან ახლოს მდებარე კურორტი კოსტა ბრავა, თუმცა წელს ამ მიმართულებით მოთხოვნა 50%-ით არის შემცირებული. რაც შეეხება არასაზღვაო ქალაქებს, ზაფხულში ასეთ მიმართულებებზე მოთხოვნა მცირდება “, – აღნიშნა გოგა ქუცნიაშვილმა.
როგორც მან განმარტა, სამივე პოპულარულ მიმართულებას თავისი უპირატესობები აქვს, რის გამოც დამსვენებლები არჩევანს მათზე აკეთებენ.
„გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ კარგად მუშაობს all inclusive სისტემა, როცა ჩადიხარ კონკრეტულ სასტუმროში და არ გაქვს იმაზე საფიქრალი თუ სად ივახშმო ან სად ისადილო და ა. შ. ეს არის ის ფაქტორი, რის გამოც თურქეთი ქართველ დამსვენებლებში აქტიურ მიმართულებად რჩება.
კვიპროსი შედარებით ახალგაზრდული და ბიუჯეტური მიმართულებაა, აქედან გამომდინარე ესეც საკმაოდ მიმზიდველია ქართველებისთვის. რაც შეეხება საბერძნეთს, ის საინტერესოა ტურისტებისთვის, ვისაც სურს ზღვა და ბუნება იყოს ერთად და საოჯახო ტიპის სასტუმროებში ჰქონდეს არჩევანი.
ასევე მაღალია მოთხოვნა აზიისა და აფრიკის ქვეყნებზე, როცა ამ მიმართულებებზე სეზონი სექტემბრიდან იხსნება. თუმცა, მოცემულ მომენტშიც გვაქვს მოთხოვნა აზიის გარკვეულ ქვეყნებზე“, – განაცხადა გოგა ქუცნიაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ისეთ მიმართულებებზე როგორიცაა ზანზიბარი, ტაილანდი, ბალი, ქართველი ტურისტებისთვის საკმაოდ საინტერესო მიმართულებებია და განსაკუთრებულ რეკლამირებას არ საჭიროებს.