ძალაში შევიდა შეთანხმება „საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მოქალაქეთა ორმხრივი უვიზო მიმოსვლის შესახებ“, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში 2023 წლის 12 იანვარს მოაწერეს ხელი.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, შეთანხმება მიზნად ისახავს საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებისათვის ურთიერთმიმოსვლის კიდევ უფრო ხელსაყრელი პირობების შემოღებას.
„შეთანხმების თანახმად, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებს უფლება აქვთ, იმოგზაურონ საქართველოდან სომხეთში და პირიქით, ბიომეტრიული პირადობის მოწმობით, საერთაშორისო მიმოვლისათვის ნებადართული სასაზღვრო-გამტარი პუნქტის გავლით“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.
ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების მიერ ხელმოწერილი შეთანხმება ანაცვლებს 1993 წლის 19 მაისს ხელმოწერილ შეთანხმებას „საქართველოს რესპუბლიკისა და სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეთა მათ ტერიტორიაზე უვიზო მოძრაობის შესახებ“.