ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ გამოსცა განკარგულება პარტიების დაფინანსების ოდენობების განსაზღვრის შესახებ.
„2020 წლის 4 დეკემბრიდან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიებზე გასანაწილებელი დაფინანსების ოდენობები განისაზღვროს დანართის შესაბამისად“, – აღნიშნულია თამარ ჟვანიას განკარგულებაში.
დანართიდან ირკვევა, რომ „ქართული ოცნება“ წლის განმვალობაში ხუთ მილიონზე მეტი ლარის დაფინანსებას მიიღებს; ოპოზიციური პარტიები კი, რომელთაც ბოიკოტის მიუხედავად სახელმწიფო დაფინანსება მოითხოვეს, წელიწადში შვიდ მილიონ ლარზე მეტს მიიღებენ.
რაც შეეხება დანართში მითითებულ კონკრეტულ თანხებს, წლის განმავლობაში პარტიებზე ისინი ასე გადანაწილდა:
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 5,140,020.00
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2,199,635.00
„მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ 240,000.00
„პროგრესი და თავისუფლება“ 12,000.00
„საქართველოს რესპუბლიკური პარტია” 204,000.00
„ევროპელი დემოკრატები“ 460,000.00
„გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ 939,925.35
„კანონი და სამართალი“ 104,436.15
„ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ 1,124,409.00
„ლელო საქართველოსთვის“ 803,560.00
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ 86,926.66 1,043,120.00
„საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ 289,710.00.
აღსანიშნავია, რომ ცესკო-სგან დაფინანსება არ მოუთხოვიათ „გირჩსა“ და „მოქალაქეებს“.