რუსულმა ავიაკომპანია „Red Wings“-მა სოჭიდან თბილისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. „Sukhoi Superjet 100“-ის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ადგილობრივი დროით 17:40 საათზე დაეშვა.

„ეხო კავკაზა“-ს ცნობით კი, დილით ავიაკომპანიამ პირველი რეისი შეასრულა მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით.

მისივე ცნობით, ავიაკომპანიამ საქართველოში ფრენების განხორციელების ნებართვა ჯერ კიდევ მაისში მიიღო, თუმცა ფრენების დაწყება რამდენჯერმე გადაიდო.

ამჟამად, Red Wings-ის გარდა, საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირ ყოველდღიურ რეისებს ახორციელებს Azimuth (მოსკოვი-თბილისი-მოსკოვი) და Georgian Airways (თბილისი-მოსკოვი-თბილისი).

ივლისის დასაწყისში რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ (როსავიაცია) გამოსცა რუსეთსა და საქართველოს ქალაქებს შორის კვირაში 284 ფრენის ნებართვა. ნებართვების უმეტესობა გაცემულია Red Wings-ისთვის. საქართველოს ხელისუფლებას ახალი ფრენების ნებართვა ჯერ არ გაუცია.

bfm.ge