შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო ის წესები და პროცედურები, რომლებიც იმოქმედებს 2023 წლის გამოცდებზე.

როგორც სოფიო გორგოძემ აღნიშნა, წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ  24 საგამოცდო ცენტრი იხსნება, რომლებიც გამოსაცდელებისმისაღებად უკვე სრულ მზადყოფნაშია.

„ცენტრები იმუშავებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს პირველად საგამოცდო ცენტრი იხსნება ამბროლაურშიც.

ცენტრები აღჭურვილია გაგრილების სისტემითა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით. გამოცდების მაღალ დონეზე უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელმძღვანელობით შექმნილია საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია წარმომადგენლებით შემდეგი უწყებებიდან: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტი, სსიპ მანდატურის სამსახური, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, სს „თელასი“, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“, შპს მაგთიკომი, შპს სქაიტელი.

მნიშვნელოვანია, რომ ყოველ გამოცდაზე გამოსაცდელი დროულად გამოცხადდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საგამოცდო ბარათით. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აპლიკანტები არ დაიშვებიან“, – განაცხადა გორგოძემ.

მისივე თქმით, წელს აღარ მოქმედებს გამოცდებთან დაკავშირებული კოვიდრეგულაციები.

„სხვა ინფექციური დაავადებების მქონე პირების მსგავსად, კოვიდინფიცირებული გამოსაცდელებიუნდა დაუკავშირდნენ ცენტრის ცხელ ხაზს ნომერზე (995 32) 2 47 33 33 და გამოცდის დაწყებამდე წარადგინონ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.: ე. მინდელის N 9), რათა იმავე სესიაზე ჩაუტარდეთ გამოცდა  სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში.

საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე მასწავლებლის საგნის გამოცდისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის სულ 75 000-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა, მათ შორის 45 000-ზე მეტი აბიტურიენტია.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულნი კი საგამოცდო პროცესში 6 ივლისიდან  ჩაერთვებიან. 12 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატები საერთო სამაგისტრო გამოცდას 27-28 ივლისს ჩააბარებენ“, – აღნიშნა გორგოძემ.