პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, “აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა მხოლოდ ქვეყნის გამთლიანების შემთხვევაშია შესაძლებელი”. პარლამენტში გამოსვლისას ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში “საზოგადოების შეცდომაში შეყვანის” მორიგი მცდელობები იყო. ცნობისთვის, 29 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ თქვა, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს აფხაზეთის გავლით სომხეთთან სარკინიგზო მაგისტრალის აღსადგენად.
“საუბარი იყო, თითქოს აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე მიდის ფარული მოლაპარაკება და ასე შემდეგ. პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არავითარი მოლაპარაკება ამ საკითხზე არ მიმდინარეობს, ჩვენ არავითარი დაფარული დღის წესრიგი არ გვაქვს, თუ რაიმე საკითხზე გვაქვს საუბარი, ყველამ ყველაფერი იცით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ასე რომ აქ კითხვები არ არსებობს.
კითხვა დამისვეს – რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს შესაძლებელი აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაო, ამაზე ერთადერთი პასუხი არსებობს – ჩვენი ქვეყნის გამთლიანების, გაერთიანების შემთხვევაში მხოლოდ” – ამბობს ღარიბაშვილი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, რუსეთი ყველაფერს აკეთებს აფხაზეთის გავლით სომხეთთან სარკინიგზო მაგისტრალის აღსადგენად. ამის შესახებ მან პრესბრიფინგზე ისაუბრა.
– მოგეხსენებათ, რუსეთსა და სომხეთს შორის საქართველოს გავლით სარკინიგზო კომუნიკაცია დაბლოკილია. ერევანში ამბობენ, რომ პრობლემა აფხაზეთშია. თქვენი აზრით, როგორია ამ საკითხის მოგვარების პერსპექტივები?
– ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ დაგეგმილი ფართომასშტაბიანი საგზაო რუკის განსახორციელებლად. მასში შედის სახელმწიფოს მეთაურების დონეზე ხელმოწერილი დოკუმენტები, შესაბამისი კომისიები ჩვენი ქვეყნების მთავრობების წარმომადგენლების ეგიდით. ამ გეგმის განსახორციელებლად ყოველდღიურად ყველაფერი კეთდება.
აქამდე, მაისში გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთი საქართველოში აფხაზეთის გავლით სარკინიგზო ტრანზიტით იყო დაინტერესებული.
რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, სერგეი კატირინმა Российская газета-ს უთხრა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის საქმიანი კავშირის განვითარების შესაძლებლობას ხედავს, კერძოდ, მისი განმარტებით, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე სარკინიგზო ტრანზიტის დაწყება აუცილებელია.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლა აფხაზეთის ომის შემდეგ შეწყდა. საქართველოს ხელისუფლება აქამდე არ უჭერდა მხარს ამ გზის აღდგენის ინიციატივებს, ამის პარალელურად ამ საკითხთან დაკავშირებით სომხეთის ხელისუფლება ხშირად გამოხატავდა ინტერესს.