თბილისის მერია რიყეზე, მშვიდობის ხიდის რეაბილიტაციას იწყებს. როგორც მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განმარტა, ხიდს პრობლემები ჰქონდა.
„მდინარე მტკვარზე დავიწყეთ მშვიდობის ხიდის რეაბილიტაცია. ამ ხიდს პრობლემები ჰქონდა: მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული ბურჯი უმძიმეს მდგომარეობაში იყო. გარდა ამისა, ხიდის სპეციალური საკიდები არის დასაჭიმი, ამის გამო ხიდი არათანაბარი დატვირთვით მუშაობს. სამუშაოების ჩასატარებლად საჭიროა სპეციალური სამუშაოების მოწყობა, სწორედ ამიტომ მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ივლისში დაახლოებით 2 კვირით მოხდება ხიდზე საფეხმავლო გადაადგილების აკრძალვა. პროექტის ფარგლებში მოხდება ასევე გარეგანათების ქსელის შეცვლა“, – განაცხადა ბენდელიანმა.
მისივე განმარტებით, პროექტის ჯამური ღირებულება არის დაახლოებით 1.4 მლნ ლარი, და სამუშაოებს კომპანია „იქსფექტორი“ ასრულებს, რომელიც ბენდელიანის თქმით, ტენდერის შედეგად იქნა შერჩეული.