არ დავუშვებთ, რომ სამოქალაქო ომი კვლავ მოხდეს, დავიცავთ ჩვენს ხალხსა და სამშობლოს, – ამის შესახებ ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საგანგებო მიმართვისას განაცხადა. პუტინმა რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის ქმედებებს ღალატი უწოდა და განაცხადა, რომ მოსკოვის რეაგირება მკაცრი იქნება.
პრეზიდენტმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უბრძანა, გაანეიტრალონ ისინი, ვინც შეიარაღებული ამბოხის ორგანიზება განახორციელა.
„ეს არის ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნისთვის ზურგში დარტყმა. სწორედ ასეთი დარტყმა მიაყენეს რუსეთს 1917 წელს, როდესაც ქვეყანა აწარმოებდა პირველ მსოფლიო ომს. თუმცა, გამარჯვება მას მოჰპარეს. ინტრიგები, დავები, პოლიტიკანობა ხალხის ზურგს უკან მობრუნდა უდიდესი კატასტროფით, არმიის დანგრევით და სახელმწიფოს დაშლით, უზარმაზარი ტერიტორიების დაკარგვით, საბოლოო ჯამში, სამოქალაქო ომის ტრაგედიით. რუსები კლავდნენ რუსებს, ძმები ძმებს, ანგარებიან სარგებელს კი, პოულობდნენ სხვადასხვა სახის ავანტიურისტები და საზღვარგარეთული ძალები, რომლებიც ყოფდნენ ქვეყანას, ხევდნენ მას ნაწილებად. ჩვენ არ დავუშვებთ ამის განმეორებას. დავიცავთ ჩვენს ხალხს და ჩვენს სახელმწიფოებრიობას ნებისმიერი საფრთხეებისგან, მათ შორის შიდა ღალატისგან, ხოლო ის, რის წინაშეც ჩვენ დავდექით, სწორედ ღალატია. უსაზღვრო ამბიციებმა და პირადმა ინტერესებმა შედეგად გამოიღო ქვეყნისა და ხალხის ღალატი, ასევე იმ საქმის ღალატი, რომლისთვისაც გვერდიგვერდ ჩვენს სხვა სამხედრო დანაყოფებთან იბრძოდნენ და იღუპებოდნენ „ვაგნერის“ ჯგუფის მებრძოლები და მეთაურები“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ამასთან, პუტინის თქმით, ყველა, ვინც გაცნობიერებულად დაადგა ღალატის გზას, ამზადებდა შეიარაღებულ ამბოხს, იყენებს შანტაჟს და ტერორისტულ მეთოდებს, გარდაუვალი სასჯელი დაეკისრება, პასუხს აგებს კანონისა და ჩვენი ხალხის წინაშე.
შეგახსენებთ, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა მისი მებრძოლების ბანაკებზე დარტყმების განხორციელებაში დაადანაშაულა, რასაც თავდაცვის სამინისტრო უარყოფს. პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აპირებს, შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ატარებს ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა“. მისი თქმით, „გაანადგურებს ნებისმიერ თვითმფრინავს და ყველა ბლოკპოსტს, რომელიც გზაზე გადაეღობება“. პრიგოჟინის განცხადებით, მის განკარგულებაში 25 000 მებრძოლი იმყოფება და მოუწოდებს ყველა რუსს, ვისაც მათთან შეერთება სურს, მათ შორის, რეგულარული არმიის სამხედრო მოსამსახურეებს. სამხედრო ამბოხებისკენ მოწოდების ბრალდებით, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
ამასთან, რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის დედაქალაქში, ასევე, მოსკოვისა და ვორონეჟის ოლქებში კონტრტერორისტული რეჟიმი გამოცხადდა.