კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო საქართველოში, 21 მარტს გამოცხადებული და დღემდე მოქმედი საგანგებო მდგომარეობა 22 მაისს გაუქმდება.
როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, საქართველოს მთავრობამ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ღრმა ანალიზის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ 22 მაისის შემდგომ, პრეზიდენტს და შესაბამისად პარლამენტს აღარ მიმართოს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების მოთხოვნით.
მისივე ინფორმაციით, მთავრობა გეგმავს მიმართოს პარლამენტს, დაიწყონ მსჯელობა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც ხელისუფლებამ ეპიდემიისა და მისგან მომდინარე რისკების საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე მართვის შესაძლებლობას მისცემს.
„საგანგებო მდგომარეობა საქართველოში გამოცხადდა 21 მარტს, შემდეგ იყო ერთხელ გადავადებული და დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების თხოვნით საქართველოს მთავრობა პარლამენტს აღარ მიმართავს, მაგრამ აქვე ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვები, რომელიც დაწესებულია, სრულად და ერთბაშად იქნება მოხსნილი. შეზღუდვების ნაწილი, რომელიც აუცილებელია ეპიდემიოლოგების აზრით, რათა შევინარჩუნოთ რისკების კონტროლის მაღალი დონე, რომელიც გვაქვს, აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს. ამისთვის მივმართავთ პარლამენტს, რათა დავიწყოთ მსჯელობა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, ვმართოთ ეპიდემია და რისკები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.