რუსული სამთავრობო მედია რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ახალი სატრანსპორტო ზოლები ამოქმედდა, რის შედეგადაც მათი რაოდენობა 39-მდე გაიზარდა.
“საქართველოს საზღვარზე, ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე ტრანსპორტის მოძრაობის ზოლების საერთო რაოდენობა 39-მდე გაიზარდა”. – აცხადებენ სამინისტროში.
რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ სასაზღვრო გამშვები პუნქტის მოდერნიზება ობიექტის რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო არასტანდარტული ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვს.
მათივე განცხადებით, ამის გათვალისწინებით, საგზაო ზოლებისა და პასპორტის კონტროლის ჯიხურების უნიკალური განლაგებას მიმართეს.
“ამ გადაწყვეტილებამ შესაძლებელი გახადა სატრანსპორტო ნაკადების დაყოფის პრინციპის განხორციელება და საგუშაგოს გაფართოებული ინფრასტრუქტურის მცირე ფართობზე განთავსება”. – განმარტავენ უწყებაში.
ტრანსპორტის სამინისტროში ასევე აღნიშნეს, რომ 2023 წლის მაისში სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე სატრანსპორტო ზოლების რაოდენობა 11-ით გაიზარდა, ხოლო 15 ივნისისთვის კიდევ დამატებით 3 ახალი სატრანსპორტო ზოლი ამოქმედდა. ამასთან, უწყების განმარტებით, რეზერვში იქნება კიდევ ერთი ზოლი, რომელიც სამშენებლო სამუშაოების დასასრულებლად სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.
როგორც რუსული მედია წერს, საგუშაგოს მოდერნიზაციაზე მუშაობა რუსეთის ფედერაციის პრემიერმინისტრის მიხეილ მიშუსტინის სახელით მიმდინარეობს.