წინასწარი ჩაწერა და დისტანციის დაცვა, – ეს ის მოთხოვნებია, რომლის დაცვაც მოუწევთ იმ სილამაზის სალონებსა და ესთეტიკურ ცენტრებს, რომლებიც 18 მაისიდან გაიხსნებიან.
ეპიდემიის ფონზე, ამ ობიექტების მიმართ ახალი მოთხოვნების შესახებ ონლაინკონფერენციის დროს საქართველოს ბიზნეს-ომბუდსმენმა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს.
“უნდა დავიცვათ წინასწარი ჩაწერის პროცედურა. სალონის შესასვლელში განთავსებული უნდა იყოს დეზობარიერი. იქ, სადაც 20 ადამიანზე მეტი მუშაობს, უნდა ჩატარდეს ტემპერატურის სკრინინგი; ადგილებში, სადაც 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა შეუძლებელია, რეგისტრატურასა და სალაროსთან, აუცილებელია დროებით განთავსდეს გამჭვირვალე, დამცავი ბარიერები”, – განაცხადა ჯანდაცვის შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ბექა ფერაძემ.
“სტანდარტები სრულად ასახავს იმ მოთხოვნებსა და რეალობას, რომელთა დაცვა აბსოლუტურად შესრულებადია ბიზნესის მიერ და ემსახურება იმას, რომ ამ სფერო დროულად გაიხსნას და ეფექტიანად იმუშაოს”, – განაცხადა საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა.
სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები საქართველოში მარტის შუა რიცხვებში დაიხურა, COVID-19 -ის გავრცელების საშიშროების გამო. აპრილის ბოლოს ქვეყნის ხელისუფლებამ შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა დაიწყო. სალონების გახსნას ივნისში ვარაუდობდნენ, თუმცა, ნორმალური ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით ზოგიერთი შეზღუდვა ვადაზე ადრე მოიხსნა.