“მეხუთე დღეა აზერბაიჯანის მიერ ჩაკეტილი გზის გამო მძიმე პაციენტები ყარაბაღიდან წითელ ჯვარსაც ვეღარ გადაჰყავს”, – ამის შესახებ დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის ჯანდაცვის სამინიტრო იუწყება.
ამასთან, როგორც ყარაბაღის მხარე აცხადებს, შეზღუდულია მედიკამენტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის შეტანაც, რამაც სტაციონარებში მედიკამენტების მარაგი 40%-მდე შეამცირა. 175 პაციენტი კი (მათ შორის ბავშვები კრიტიკული მდგომარეობით), სომხეთის რესპუბლიკის სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანის მოლოდინშია.
ბაქოს 15 ივნისის განცხადებით, ლაჩინის დერეფანში არსებული აზერბაიჯანული გამშვები პუნქტი დროებით აჩერებს მუშაობას. აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ პუნქტი იქამდე არ გაიხსნება, სანამ 15 ივნისის ინციდენტის გამოძიება არ მოხდება, ან სომხეთი პროვოკაციაზე პასუხისმგებლობას არ აიღებს.
აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის ერთადერთი გზის – ლაჩინის კოროდორის ჩაკეტვიდან ნახევარი წლის შემდეგ გამშვები პუნქტი დადგა და აცხადებდა, რომ ყარაბაღელი სომხები მხოლოდ მათი კონტროლქვეშ შეძლებდნენ გადაადგილებას. თუმცა, ადგილობრივთა მონაყოლით, ისედაც არ არსებობდა რეგულარული სატრანსპორტო მიმოსვლა სტეპანაკეტრიდან ერევანში და ლაჩინის კორიდორის კვეთა მხოლოდ წითელი ჯვრისა და რუსი სამშვიდობოების მანქანებისთვის იყო შესაძლებელი.