არაფორმალური განათლების კონცეფცია 2005-2007 წლებში საქართველოს განათლების სისტემაში რეფორმების შემდეგ გაჩნდა. კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ ფორმალურ განათლებასთან ერთად ცოდნასა და დიდ გამოცდილებას არაფორმალური განათლების გზით იღებ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის სკოლის მასწავლებლებმა არაფორმალური განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
სოფელ ტურცხის საჯარო სკოლის დირექტორი და ქართული ენის მასწავლებელი შორენა აკოპაშვილი არაფორმალური განათლების აუცილებლობას ხაზს უსვამს და აღნიშნავს, რომ ბავშვები PowerPoint-ით, Word-ით, Excel-ით, სხვა პროგრამებით მუშაობენ, რომლებიც ტექნიკური უნარების განვითარებაში ეხმარება.
„რეგიონში ძირითადად სომხურენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს. სკოლების ბავშვებს ქართველებთან კომუნიკაცია არ აქვთ. ახალციხის მუნიციპალიტეტში სხვა ვითარებაა: ძირითადად ქალაქში, სომხებსა და ქართველებს ახლო ურთიერთობა აქვთ, სომეხ ბავშვებს კი ქართულის სწავლა აღარ უჭირთ. არაფორმალური განათლება სახელმწიფო ენის სწავლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვები ერთვებიან აქტივობებში. ამას ვამბობ როგორც ქართული ენის მასწავლებელი. კლასში ვიყენებთ წიგნს, რვეულს, სასკოლო დავალებების გარდა, კითხულობენ, წერენ, თარგმნიან, უსმენენე. არაფორმალური სწავლისას კი ბავშვები ქმნიან ისეთ პრეზენტაციებს, აქტივობებს, მეცადინეობებს, რომლებიც სხვა სიტყვების კომბინაციას გულისხმობს. ბავშვების ჩართვა ისეთ ღონისძიებებში, სადაც სახელმწიფო ენა გამოიყენება, მნიშვნელოვანი და სავალდებულოა“, – განმარტავს ტურცხის სკოლის დირექტორი აკოპაშვილი შორენა.
აღნიშნავს, რომ არაფორმალური განათლებისას საგნებს შორიც ჩნდება კავშირები. მაგალითად, ბიოლოგიასა და ქიმიას, ფიზიკასა და მათემატიკას, ისტორიასა და ქართულ ენას შორის. გაკვეთილებზე ბავშვები ქართულად საუბრობენ ისტორიულ მოვლენებზე. ასე ქართულსა და ახალ სიტყვებს უფრო მარტივად სწავლობენ.
„კარგი იქნება, თუ ასეთი აქტივობები ერთი-ორი ღონისძიებით არ დასრულდება. მიმაჩნია, რომ არაქართულენოვანი თუ ქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებს შორის მეგობრული ურთიერთობა კავშირებს აღრმავებს და ენის შესწავლის პროცესს ხელს უწყობს“, – აღნიშნავს იგი.
ტურცხის საჯარო სკოლაში მრავალი წელია არაფორმალური განათლებას იყენებენ. იმართება ღია გაკვეთილები და სხვადასხვა აქტივობა სკოლებს შორის, იქმნება საზაფხულო სკოლები და ტარდება კონფერენციები.
შორენა აკოპაშვილი აღნიშნავს, რომ ბავშვებს არაფორმალური განათლება ძალიან მოსწონთ. აქტივობებში ერთვება ისეთი პასიური მოსწავლეც კი, რომელსაც გაკვეთილი არ აინტერესებს ხოლმე.
„არაფორმალური განათლებისას მოსწავლეებს შეუძლიათ სკოლაში თუ მის ფარგლებს გარეთ მიღებული ცოდნა გამოიყენონ. ბავშვები უფრო დამოუკიდებლები ხდებიან, სწავლობენ როგორ ჩაატარონ გამოკითხვები, კვლევები, როგორ გამოავლინონ პრობლემები, აღმოაჩინონ დეზინფორმაცია, სწავლობენ ჯგუფურ მუშაობასაც“, – ამატებს შორენა აკოპაშვილი.
არაფორმალური განათლების შესახებ კონფერენცია ტურცხის საჯარო სკოლის პროექტის „ქართული, როგორც მეორე ენის“ მასწავლებლის თამუნა დევდარიანის ორგანიზებულია.
„ჩვენი საქმიანობა არაორდინალურია და ამის შესახებ საზოგადოებამ და სხვა სკოლებმაც უნდა იცოდნენ. არაფორმალური განათლება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მოსწავლეს თავისუფლებასა ანიჭებს და ბავშვები მხოლოდ სტანდარტული გაკვეთილებით არ შემოიფარგლებიან. ასეთ კურსებზე ვხედავთ ისეთ შედეგებს, რომლებიც შეიძლება ჩვეულებრივ გაკვეთილზე ვერ დავინახოთ. ბავშვები ახალ შესაძლებლობებს ავლენენ“, – აღნიშნავს თამუნა დევდარიანი.
31 მაისს სოფელ კოთელიას თამაზ მელიქიძის სახელობის საჯარო სკოლაში ორგანიზებული კონფერენცია სოფელ ტურცხის საჯარო სკოლის დირექტორისა და არაფორმალური განათლების ცენტრის ხელშეწყობით გაიმართა. მოსწავლეებსა და მასწავლებლებს არაფორმალური განათლების ცენტრის სერთიფიკატები გადაეცათ.
„ჩვენი კონფერენცია მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ მას არაქართულენოვანი სკოლების მონაწილეები ესწრებოდნენ. მარტში არაფორმალური განათლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ ეროვნულ კონფერენციაშიც მივიღე მონაწილეობა. ძალიან საინტერესო იყო, დიდი გამოცდილება მივიღე და გადავწყვიტე მომეწყო ისეთი კონფერენცია, სადაც მოსწავლეები და მასწავლებლები ერთად იმუშავებდნენ“, – განმარტავს თამუნა დევდარიანი.
მის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში 10 სკოლა მონაწილეობდა, მათგან 8 არაქართულენოვანი იყო. კონფერენციაში სოფელ ტურცხიდან, კოთელიიდან, გოგაშენიდან, იხტილადან, ბუღაშენიდან, ალათუმანიდან, ვარევანიდან, დადეშიდან, გომანიდან და დილისკიდან და ახალქალაქის N1 სკოლიდან 17 მასწავლებელი და 23 მოსწავლე იყო ჩართული. ქართულენოვანი სკოლებიდან მხოლოდ ოთხი მოსწავლე მონაწილეობდა.
„მენტორი მასწავლებელი იყო, მოსწავლეებმა კი პრეზენტაციები წარმოადგინეს. რაც მთავარია, ყველა გამომსვლელი ქართულად განიხილავდა პრეზენტაციას, რომელიც სხვადასხვა თემას შეეხო.”
კონფერენციის შემდეგ ორგანიზატორებს მსგავსი ღონისძიებების ყოველწლიურად ჩატარების სურვილი გაუჩნდათ, რადგან ისინი მოსწავლეების ენთუზიაზმმა და მიღებულმა ცოდნმა შთააგონა.