ანუშ მკრტჩიანი 67 წლისაა. ქართული, როგორც ბევრმა ახალქალაქელმა, მხოლოდ დაწყებით საფეხურამდე იცის, თუმცა ასაკისა და ჯანმრთელობის გამო საქართველოს მოქალაქეობის ვერ იბრუნებს. ეს პრობლემა ჯავახეთის მოსახლეობის უმეტესობას აქვს.
ანუშ მკრტჩიანმა საქართველოს მოქალაქეობა ძალიან ბანალურად დაკარგა: მთელი ცხოვრება ახალქალაქში გაატარა, საქართველოს მოქალაქე იყო, მაგრამ შვილები სამშობლოში შესაძლებლობის არარსებობის გამო საცხოვრებლად რუსეთში გადავიდნენ. შვილებთან და შვილიშვილებთან თავისუფლად მიმოსვლისთვის, ანუშმა რუსეთის მოქალაქეობა მიიღო. საბუთებიც წარადგინა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად საქართველოს მოქალაქეობაზე უნდა ეთქვა უარი.
„ბავშვებთან ქართული პასპორტით ვერ ჩავიდოდი. მხოლოდ ამის გამო მივიღე რუსეთის მოქალაქეობა. მას შემდეგ, რაც ორმაგი მოქალაქეობა ხელმისაწვდომი გახდა, საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნების სურვილიც გამიჩნდა. მაგრამ მითხრეს რომ არ შემეძლო, რადგან მონაცემთა ბაზაში ქორწინების მოწმობა არ ფიქსირდება. საარქივო დოკუმენტაციაში ჩემი მეუღლის სახელი არასწორად შეიყვანეს. ამიტომ დროებითი ბინადრობის ნებართვა მომცეს, რომელიც უკვე 6-7 წელია მაქვს“, – განმარტავს ანუშ მკრტჩიანი.
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ საარქივო დოკუმენტები აღარ აღადგინა. ქმარი პოდპოლკოვნიკი იყო, რომელიც 2008 წლის ომში იბრძოდა და ახლა ქვრივი იმ ქვეყნის მოქალაქე ვერ ხდება, რომელსაც ქმარი იცავდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა და პენსიაზე პოდპოლკოვნიკის წოდებით სამაჩაბლოს ბოლო ომის შემდეგ გავიდა, ცხინვალშიც იბრძოდა. საქართველოსთვის ომში სამჯერ წავიდა. ეს ყველაფერი ჩემსა და ჩემს შვილებზე ახდენდა გავლენას. ისიც ჯარში მსახურობდა. კეთილსინდისიერი მოქალაქე ვარ, რომელსაც საქართველოს ფარგლებს გარეთ არასდროს არ უცხოვრია. მოვითხოვ, რომ საქართველოს მოქალაქეობა დამიბრუნონ. ახლა ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს, მეხსიერება მღალატობს, სმენაც მიქვეითდება და საქართველოს მოქალაქეობის გამოცდას ამიტომ ვერ ვაბარებ“, – ჰყვება იგი.
მისი ბინადრობის ნებართვა არ ითვალისწინებს იმ შეღავათებს, რომლებსაც სახელმწიფო მოსახლეობას სთავაზობს. არც სამედიცინო დახმარება უფინანსდება სრული და არც მედიკამენტებზე აქვს შეღავათები.
ჯავახეთში ბევრია ანუშ მკრტჩიანის მსგავსი ადამიანი. ბევრმა მოქალაქეობაზე უარი სოლიდური მიზეზით თქვა. იმ ქვეყნის მოქალაქეობის დაბრუნება, სადაც ცხოვრობ, ძალიან რთულია. აღნიშნული საკითხი მაშინ გადაწყდება, როცა საქართველო, პრეზიდენტის შემოთავაზებით, საქართველოს მოქალაქეების დაბრუნებას ან მიღებას გაამარტივებს. მოქალაქეობის დაკარგვის პრობლემა აქტუალურია არა მხოლოდ ჯავახეთის მცხოვრებლებისთვის, არამედ საქართველოს სხვა მაცხოვრებლებისთვისაც, რომლებიც უმუშევრობის გამო იძულებულნი არიან სხვა ქვეყანაში წავიდნენ.
საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული მიღება გააქტიურდა