2015 წლიდან სოფელ ოკამში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ფუნქციონირებს. მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ მეზობელი სოფელი კარცეფიდან და აზმანიდან ოკამში სკოლის მოსწავლეების გადასაყვანად მძღოლი დაიქირავა, ოკამის მცხოვრებლებს სოფლიდან ქალაქში ჩასვლის შესაძლებლობა შეეზღუდათ.
შემდგომ წლებში მიზეზი გზის მოასფალტება იყო. მართალია, სოფელში გზა დაახლოებით 4 წელია დაიგო, მაგრამ საკითხი, რომელიც სოფლის მოსახლეობას აწუხებს, გადაუჭრელი რჩება.
ქალაქში მისასვლელ ალტერნატივად სოფლის მოსახლეობა რძის სატვირთო მანქანას იყენებს, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტისგან განსხვავებით უფასოა. რძის გადასატანად განთავსებულ სათავსოებს დიდი ტერიტორია უჭირავს და სოფლის მოსახლეობა ქალაქში მისასვლელად ფეხზე დგას, რაც თავის მხრივ მძღოლს პრობლემებს უქმნის, რადგან მგზავრების ამ გზით გადაყვანა კანონით აკრძალულია.
მძღოლის თქმით, პოლიციელებისგან მსგავსი დარღვევების გამო არაერთხელ მიიღო გაფრთხილება. ჯარიმისგან მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლეს, რომ სოფლის მოსახლეობა პრობლემის მოგვარებას ითხოვდა.
პრობლემურია ქალაქიდან სოფელში დაბრუნებაც, ზოგ შემთხვევაში ტაქსით სარგებლობენ, ზოგ შემთხვევაში სოფელ ვაჩიანამდე მიდიან და შემდეგ ოკამის მხრიდან მიმავალ გზაზე გამვლელ მანქანას ელოდებიან.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის არქონის გამო სოფლის ახალგაზრდები პასიურები არიან. არ აქვთ შესაძლებლობა ქალაქში გამართულ ღონისძიებებში მიიღონ მონაწილეობა. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებლად ოკამადან შედარებით ცოტა მსურველი ჩავიდა. ბიჭები ქალაქში მანქანის ლოდინით ჩადიოდნენ, გოგონები კი მოსამზადებლად სკოლის დამთავრების ბოლო კვირებში მივიდნენ, რადგან მშობლებს მათი ქალაქში წაყვანა ყოველთვის არ იყო უხერხდებოდათ.
მარინა კარაგულიანი, სოფელ ოკამადან, წელს “Gipa Media Lab”-ის პროექტში მონაწილეობს. ფოტოგრაფიის გაკვეთილებს გაცდენების გარეშე ესწრებოდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც მამამისი საზღვარგარეთ სამუშაოდ წავიდა, პროგრამაში მონაწილეობა ვეღარ განაგრძო.
„პროექტი “Gipa Media Lab”-ი ფოტოგრაფიას გვასწავლის და ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს სოფლის პრობლემებზე ისაუბრონ. ასეთი პროექტებით შეგვიძლია ბევრი ცოდნა მივიღოთ, სოფლის განვითარებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ტრანსპორტის ნაკლებობა კი სოფელში აქტიური ცხოვრების წესს ართულებს. სწორედ ამიტომ, ოკამის ბავშვებსა და ახალგაზრდებს თვითგანათლებაზე უწევთ ზრუნვა“, – ამბობს მარინა კარაგულიანი.
მიუხედავად იმისა, რომ სოფლის ბევრ მცხოვრებს საკუთარი მანქანა აქვს, მართვის მოწმობების არქონა და ფინანსური ხარჯები ქალაქში ყოველდღე სიარულს შეუძლებელს ხდის.
ჰნაზიკ ავეტისიანი