ყოველი წვიმის შემდეგ ერევნის ქუჩის ბოლოს, აღმაშენებლის გზატკეცილის კვეთაზე ტბა წარმოიქმნება და წყალიც ვერსად მიედინება. მოსახლეობა ჩივის, რომ წყალი მათ სარდაფში გროვდება და საძირკვლის ქვეშ დგება, სახლებში აუტანელი ტენიანობაა.
ახალქალაქის ერთ-ერთი მთავარი აღმაშენებლის ქუჩა 2019-2020 წლებში გარემონტდა. როგორც აღმაშენებელი-ერევნის შესახვევის მცხოვრებლები ამბობენ, სწორედ მაშინ გაუარესდა სახლებთან წყლის დაგროვების პრობლემა.
„ყველაფერი გზის შეკეთებით დაიწყო. ქუჩა გლუვი არ არის, გზის დასაწყისში წყალი გროვდება, მაგრამ აქაც ჩვენი სახლისკენ დახრილობა უფრო მეტია, წვიმის დროს წყალი სარდაფში ჩაედინება, სახლიც ნესტიანია. რემონტამდე ეს პრობლემა არ მწვავდებოდა, რადგან აღმაშენებელზე არხები იყო, მაგრამ ყველაფერი ასფალტით დაფარეს, წყალი ვერსად მიედინება. არ ვიცი როგორ, მაგრამ ეს საკითხი უნდა მოაგვარონ “, – ამბობს მკრტჩიან აშოტი ერევნის ქუჩის ერთ-ერთი სახლის მცხოვრები.
ახალქალაქის მერის მელქონ მაკარიანის თქმით, გასული წლის შემოდგომაზე ამ საკითხის გამო შეხვდრა მოეწყო, რომელსაც ყველა შესაბამისი მხარე, მათ შორის საავტომობილო გზების დეპარტამენტის, შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდა. პრობლემის შესაძლო გადაწყვეტის გზები განიხილეს, თუმცა წელს ამაზე საუბარი არ განახლებულა.
„საგზაო დეპარტამენტმა ცენტრალური გზა გაარემონტა, გზის დონემაც აიწია (ერევნის გზის ბოლო უფრო დაბალია). გვერდებზე სადრენაჟო თხრილები იყო და დაიკეტა. ამბობენ, რომ ეს საკითხი მოსახლეობასთან შეათანხმეს. შარშან ამ ოჯახებს როგორც სტიქიის შედეგად დაზარალებულებს, ფინანსური სახსრები გამოვუყავით, რადგან ძლიერი წვიმის შემდეგ სახლებში წყალი ჩავიდა და ჩვენც დავეხმარეთ. შეგვიძლია, სამხედრო მოწვევის ადგილიდან მთავარ ქუჩამდე გზის დონე ავამაღლოთ, მაგრამ ხალხს სურს არხები ჰქონდეს. პრობლემა შეიძლება არხების გახსნით მოგვარდეს, მაგრამ ერთი ქუჩა ჩვენ გვეკუთვნის, მეორე დეპარტამენტს, პრობლემა კი მათ გამო წარმოიშვა”, – ამბობს მელქონ მაკარიანი.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, რომ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია.
„მუნიციპალურმა ხელისუფლებამ დეტალური წერილი მოგვწეროს. ამ საკითხებით ყოველთვის ვკავდებით, მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდება, რომ რაღაც საკითხებზე ინფორმაცია არ გვაქვს, ამიტომ მერიიდან ხშირად გვწერენ, სად იტბორება, სად ავტობუსების მონაკვეთი სჭირდებათ ან სად ფუჭდება გზა – ეს ელემენტარული კომუნიკაციაა. გპირდებით, რომ კონკრეტულად დავინტერესდები ამ საკითხით და შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ“,- აცხადებს საგზაო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე პავლე გამყრელიძე.