23 მაისის 17:00 საათზე არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ ახალქალაქში თემაზე „ჯავახეთის რეგიონის დომინანტური შეხედულებები და ხმები ქვემოდან“ საჯარო დისკუსია დააორგანიზა. შეხვედრა ახალქალაქის ზრდასრულთა განათლების ცენტრში გაიმართა.

შეხვედრის მიზანი ჯავახეთის უახლეს ისტორიაში გაბატონებული დისკურსებისა და პოლიტიკის კრიტიკული ასახვა, ბოლო წლებში რეგიონში დაწყებული სოციალური ცვლილებების განხილვა იყო.

მკვლევარებმა ქეთევან ეფაძემ, ანა ტივაძემ, ალისა ბაქრაძემ ჯავახეთში ორი კვლევა ჯავახეთის სომხების ვინაობისა და ოსმალეთის იმპერიაში სომხების გენოციდის მემკვიდრეობის შესახებ ჩაატარეს. შეხვედრაზე ამ კვლევაზე ისაუბრეს და ძირითადი დასკვნები წარმოადგინეს, დამსწრეთა მოსაზრებები მოისმინეს. დისკუსიაში მონაწილეობა უფასო იყო, თუმცა სპეციალურად პედაგოგები, არასამთავრობო სექტორი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მოიწვიეს.

როგორც სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანამშრომელმა ტიგრან ტარზიანმა აღნიშნა, მთავარი პრობლემა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს, მოქალაქეობის საკითხი, მიგრაცია და მიწის არათანაბარი განაწილებაა.

„ათიათასმა პირმა მოქალაქეობა დაკარგა და ვერ აღიდგინა, რადგან შესაბამისი გამოცდა უნდა ჩააბარონ, დახარჯონ თანხები. რა თქმა უნდა, არის გარკვეული დათმობები, მაგრამ მაინც რჩება გამოცდა, რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებლები ვერ ჩააბარებენ. ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამო, ელემენტარული საარსებო წყაროს შოვნის მიზნით, ადამიანებს სამუშაოდ გამგზავრება უწევთ. მეორე საკითხი მიწას ეხება: თითოეულს 25 მეასედი მიწა გვაქვს, ზოგიერთმა, ვინც საბჭოთა რეჟიმისას მაღალ თანამდებობაზე იყო, ეს თანამდებობები მიწაში გაცვალეს და ათასობით ჰექტარს ფლობენ“, – განმარტა მან.

diskussia

კვლევის შედეგებზე უფრო დეტალურად საუბრისას ერთ-ერთმა ექსპერტმა, ქეთი ეპაძემ, რომელიც ასევე თსუ-ს ლექტორია, აღნიშნა, რომ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეობისადმი ძალიან ვიწრო ხედვა მკვიდრდება, რაც უმცირესობების საზოგადოებაში სრული ინტეგრაციისთვის საკმარისი არ არის.

„სრულმასშტაბიანი კვლევის ჩატარების საშუალება არ გვქონდა, ჯავახეთიდან მხოლოდ 10 ახალგაზრდას ვესაუბრეთ. კვლევის ძირითადი დასკვნები შემდეგი იყო: ცენტრის ცნება მოქალაქეობასთან დაკავშირებით ძალიან ვიწროა, ის მხოლოდ ენის ცოდნითა და ხელისუფლებაში მყოფი პარტიის ერთგულებით შემოიფარგლება, რაც ჯავახეთის წამყვანი კლანებისადმი მორჩილებას ნიშნავს. ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო ენის ცოდნა არ არის საკმარისი მოქალაქეობის შეგრძნებისთვის. მათ სურთ უმაღლესი განათლება მიიღონ, ქართული ენის შესასწავლად მეტი რესურსი ჰქონდეთ, თანაბარ გარემოში იცხოვრონ. შეწუხებულნი არიან იმ სტერეოტიპების გამო, რომელიც ჯავახეთის სომხებთან მიმართებით არსებობს“, – განაცხადა მან.

მკვლევართა ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებას ეხებოდა, შემდეგი იყო: საჭიროა მეტი ხედვა „ქვემოდან“, ახალგაზრდების იდეების მოსმენა, მათი საჭიროებების გათვალისწინება და მხოლოდ ინტეგრაციის დოკუმენტების შექმნით არ უნდა შემოიფარგლებოდნენ.

ქეთი ეპაძის თქმით, ჯავახეთის სომხების მიმართ გაბატონებული სტერეოტიპების მიზეზი 1990-იანი წლების საქართველოსთვის დაძაბული წლები და ტერიტორიული კონფლიქტების ფონზე წარმოქმნილი ეთნიკური ნაციონალიზმია.

„მიმაჩნია, რომ პირველ რიგში კომუნიკაციის დაწყებაა აუცილებელი, სხვა რეგიონების მცხოვრებლებმა უნდა იცოდნენ, რა ტკივილები, პრობლემები აწუხებს ადგილობრივ მოსახლეობას და მიმაჩნია, რომ ადგილობრივი მოსახლეობაც უნდა დაუკავშირდეს ქვეყნის სხვა მცხოვრებლებს. ყოველივე მასშტაბური უნდა იყოს, 1-2 პროექტი საკმარისი არ არის“, – განმარტა მან.