8 წელია ახალქალაქში, აღმაშენებლის ქუჩის მე-14 კორპუსის მცხოვრებლებს შორის მოუგვარებელი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მოსახლეობას შორის გაუგებრობა როგორც მათ ცხოვრებას, ისე შენობას აზარალებს –  თანდათან ნადგურდება.

ყოველ ჯერზე წვიმის შემდეგ აღმაშენებლის მე-14 მრავალსართულიანი კორპუსის მცხოვრებლები საკუთარ სახლებში მძევლები ხდებიან. პერიმეტრის გასწვრივ “ზღვა” იქმნება, რომლის გადალახვაც შეუძლებელია.

„როცა წვიმს, ყველაფერი კორპუსის ქვეშ, სარდაფებში მიედინება. ადგილიც კი არ არის, სადაც წყალი მოგროვდება, კანალიზაციის ლუქი, ან მსგავსი რამ. ყველგან სიბინძურეა, შენობაში შესვლაც კი შეუძლებელია, ხალხი სარდაფებიდან გადის“, – წერს ერთ-ერთი სახლის მცხოვრები დაიანა მანუკიანი.

shenq

ამატებს, რომ ასფალტის არარსებობის გამო ბავშვები სახლის წინაც ვერ თამაშობენ – ყველგან ტალახი, გუბეები და ჩაკეტილი გზაა.

„მერიას რამდენჯერმე ქუჩის ასფალტის განახლებისა და სახურავის შეკეთების მოთხოვნით მივმართეთ და ქალაქის მცხოვრებლების ხელმოწერებიც კი შევკრიბეთ. თხოვნას ყურადღება არ მიაქციეს, არც კი გვიპასუხეს, არ ვიცით წერილი გახსნეს თუ არა”,- ამბობს დაიანა.

shenq2

აღმაშენებლის ქუჩის მე-14 კორპუსის აღნიშნული ტერიტორიის ასფალტირების პრობლემა კორპუსის ეზოში არსებულ კერძო მინაშენებს უკავშირდებოდა, რომელთა მოხსნის გარეშე ტერიტორიის მოასფალტება შეუძლებელია. ზოგიერთი მცხოვრებელი დათანხმდა და საკუთარი შენობა მოაშორა, ზოგი კი უარს ამბობს. ტერიტორია ჯერ კიდევ 2017 წელს უნდა მოასფალტებულიყო, თუმცა სამუშაოები სწორედ მინაშენების გამო შეჩერდა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მელქონ მაკარიანის თქმით, ქალაქ ახალქალაქსა და მუნიციპალიტეტში მსგავსი ტერიტორიების ასფალტირების პროექტის შედგენაზე ტენდერი გამოცხადდა. ფინანსებიდან და დროიდან გამომდინარე, ამ ან მომავალ წელს ეს მონაკვეთი მოასფალტდება.

„ქალაქში გვაქვს მონაკვეტები, დარჩენილი ტერიტორიები, რომლებიც მოასფალტებული არ არის. დაახლოებით 7-10 დღის წინ პროექტის შედგენაზე ტენდერი ჩატარდა. როგორც კი პროექტი გვექნება, ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ეტაპობრივად მოვაგვარებთ პრობლემას. წელს ბიუჯეტი ამისთვის გათვალისწინებული არ არის, მაგრამ თუ სახსრები დაიზოგება და ამინდი საშუალებას მოგვცემს, წელს ამ და სხვა მონაკვეთებსაც გავაკეთებთ და მომავალი წლისთვის აღარ გადაიდება“,- განმარტა მან.

მინაშენების პრობლემასთან დაკავშირებით, მელქონ მაკარიანმა განაცხადა:

„პროექტის შედგენის შემდეგ ყველა უკანონო შენობა მოიხსნება. ჩვენი ყველა ტერიტორია სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა. საბუთების გარეშე არავის აქვს ტერიტორიის დაკავების უფლება“.

ასფალტის უქონლობის გარდა, აღმაშენებლის ქუჩის №14 კორპუსის სახურავიც არ არის სახარბიელო მდგომარეობაში. წელს შენობის სახურავი გარემონტდება. აღნიშნულ სამუშაოებზე ტენდერი შპს „გოლდ 777“-მა მოიგო და 122 437.00 ლარი (თავდაპირველი თანხა 153 045.00 ლარი იყო) შესთავაზა. ახლა შერჩევა-შეფასების ეტაპზე გადავიდნენ.

მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 დღის ვადაში დაასრულოს

მეზობლებს შორის კამათი არ გვარდება, ხოლო წყალი შენობას ნელნელა ანგრევს