ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლავერდში სასმელი წყლის პრობლემა კვლავ აქტუალურია. პრობლემის მოგვარება ბოლოს შარშან, 2022 წელს სცადეს და 113 000 ლარი დახარჯეს, თუმცა სოფლის მოსახლეობა ჩივის, რომ სასმელი წყლის საკითხი არ სწორდება.

სოფელ ოლავერდში 154 ოჯახი ცხოვრობს, სოფლის მაღალ ნაწილში მცხოვრებ 75-მდე ოჯახს სასმელი წყალი არ აქვს და ან სოფელში არსებული სამი წყაროდან სათლებით, ან იმ თანასოფლელისგან მიაქვთ, ვისაც სასმელი წყალი აქვს.

სოფელში წყალმომარაგების 3 გზა არსებობს. სასმელი წყალი სოფლის 80-მდე სახლამდე სათითაოდ მიედინება, წყალი კი სოფლის ქვედა ნაწილში მიედინება. ლევანის ტბიდან წყალი მეორე სისტემით გადიოდა, ის საყოფაცხოვრებო საჭიროებისთვის გამოიყენება და სასმელად არ ვარგა. სოფლის ზედა ნაწილის მცხოვრებლები ამ წყალს დღეში 4-5 საათის განმავლობაში იღებენ.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ სოფლის წყალმომარაგების პრობლემის მოსაგვარებლად გასულ წელს სატუმბი სადგური ააშენა, თუმცა იგი არ მუშაობს და პრობლემაც მოუგვარებელია. ტუმბო არ ფუნქციონირებს, რადგან წყალი არ არის – წყარო, საიდანაც სატუმბს წყალი უნდა მიეღო, დაშრა.

სოფლის მცხოვრებლების თქმით, წელს წყალი მთელი ზამთარი არ ჰქონდათ, გაზაფხულის დადგომასთან ერთად გორაზე მდებარე სახლებს წყალი გრაფიკის მიხედვით, დღეში 4-5 საათით მიაწოდეს.

“მთელი ზამთარი წყალი არ გვქონდა. ახალი ტუმბოც არ მუშაობდა”, – ამბობს კარენ გრიგორიანი.

მოსახლეობა აღნიშნავს, რომ ტუმბოს მუშაობის შემთხვევაშიც, წყალი ყველას საკმარისად ვერ ექნება.

„ზამთარში წყალი იყინება, გაზაფხულზე კი საკმარისი არ არის. სასმელ წყალს სოფლის ცენტრიდან სათლებით ვზიდავთ. მთელი ზამთარი ჩემი ვაჟები წყალს მანქანით ზიდავდნენ, ახლა 4-5 საათით მოგვეწოდება, მაგრამ დასალევად უვარგისია“, – განმარტავს ჯულიკ გრიგორიანი.

nasosni olaver
ახალი სატუმბი სადგური

მაიტესიან ვოლოდიამ თავისი სახლისთვის წყაროდან ცალკე არხი გაიყვანა, რომელიც მისი სახლიდან 300 მეტრში მდებარეობს და ტუმბოები ქაჩავს.

„სახელმწიფო ტუმბო არ მუშაობს, აუზს წყლის სიმცირის გამო ვერ იყენებენ. მშენებლობამდეც იცოდნენ, რომ ამ ადგილას ამდენი წყალი არ იყო“, – აცხადებს ვოლოდია მაიტესიანი.

მას მიაჩნია, რომ სახელმწიფომ ახალი ტუმბოსთვის ფული უშედეგოდ დახარჯა.

„შენობა ააშენეს, წყალი არ არის. მოსახლეობამ გააფრთხილა, რომ წყალი ცოტა იყო, მაგრამ მაინც ააშენეს და ფული ტყუილად დახარჯეს. მეც და სხვებიც წინააღმდეგნი ვიყავით – შენობა აქ კი არა, ზემოთ უნდა აეშენებინათ, რომ იქ მცხოვრებლებს ჰქონოდათ წყალი. თუ მაინც იმუშავებდა, ახლა ამოტუმბონ – რატომ არ გვაქვს სასმელი წყალი?“, – ჰყვება ნაირი მაიტესიანი.

nasosni

ლევონ ხროიანის თქმით, 5-6 წლის წინ საქონლის წყალსაცავი აშენდა, რომელიც ახლა წყალს აღარ აგროვებს.

“რამდენიმე წლის წინ საქონლისთვის წყალსაცავიც აშენდა და ისიც აღარ მუშაობს, წყალი არ გროვდება. 20-30 ათასი დაიხარჯა ალბათ. ყველაზე წყლიან პერიოდშიც არ გვაქვს წყალი”, – ამბობს ლევონ ხროიანი.

სოფელ ოლავერდის წარმომადგენელი ესაი ნერსესიანი განმარტავს, რომ სოფელში წყალი ყველას აქვს და ახალი ტუმბო მუშაობს.

„იმუშავა, უბრალოდ, წყაროს წყალი დაშრა. თუ წყალი იქნება, ტუმბო ისევ იმუშავებს. იგი 3-4 ადგილს მიეწოდება და მთიდან შემოსული წყალი აუზში გროვდება. 250 ტონას იტევს და იქიდან სახლებში თვითდინებით ნაწილდება“, – განაცხადა ესაი ნერსესიანმა.

სოფელში ჩვენი ვიზიტისას სატუმბი სადგური არ მუშაობდა.

მარტიროს ვარდანიანი, რომელიც სატუმბო სადგურთან ცხოვრობს, ამბობს, რომ მას არასდროს უმუშავია:

„აშენდა, მაგრამ არც მუშაობს, არც წყალია. ხალხმა წყალი ინდივიდუალურად გაიყვანა და რაოდენობაც შემცირდა. ახლოს ვცხოვრობ და ვიცი, რომ ტუმბოს გარეშე წყალი ჩვენამდე არ მოედინება“.