ისევე როგორც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში, აზმანაშიც ბევრი პრობლემაა, რომელიც წლების განმავლობაში ვერ გვარდება. მოსახლეობას ასფალტირებული გზა და სახლების პრივატიზაციის შესაძლებლობა სურს.
სოფელ აზმანაში მისასვლელად სოფელ ოკამის გავლაა საჭირო. გზაჯვარედინზე, საიდანაც გზა აზმანასკენ უხვევს, ასფალტიც მთავრდება.
„ძალიან მნიშვნელოვანია გზების დაგება, სადაც ასფალტი მთავრდება იქიდან სოფელში მისასვლელად ერთი საათი გვჭირდება“, – ამბობს აზმანაში მცხოვრები ბაღდასარ მღდესიანი.
რადგან სოფელში გზები არ არის დაგებული, არც ნაგვის ურნები აქვთ. ერთადერთი ნაგვის ურნა, სადაც სოფლის მცხოვრებლები ყოველდღიურად ნაგავს ყრიან, ასფალტიან გზაზე მდებარეობს და სოფლიდან ძალიან შორს, დაახლოებით 1-2 კმ-შია.
მერია არ აზუსტებს თუ როდის მოასფალტდება სოფელ აზმანასკენ მიმავალი გზა.
„არჩევნების დროს მოდიან და უამრავ რამეს გვპირდებიან, მერე თანამდებობაზე ინიშნებიან და გვივიწყებენ. სოფელ აზმანას ვეღარც იხსენებენ“ – აცხადებს კატია ფამბუხჩიანი.
სოფელს სარწყავი სისტემის პრობლემაც აქვს და სეზონზეც კი არ არის სასმელი წყალი. სოფლის მოსახლეობა წყლის მრიცხველების დაყენებაზეც კი თანახმაა, რათა ხალხმა სასმელი წყალი დაზოგოს და ბაღები მისით არ მორწყოს.
„სასმელი წყალი გაიყვანეს, მაგრამ სარწყავ სეზონზე წყლის დონე ეცემა, სხვები ბაღებსაც რწყავენ და უწყლოდ დავრჩით“, – განმარტავს საიათ მღდესიანი.
აზმანაში სახლების პრივატიზების საკითხი ათწლეულების განმავლობაში გადაუჭრელია.
„სახლი არ მაქვს, მხოლოდ ერთი ჰექტარი მიწა გამაჩნია, რადგან ჩვენი სახლები პრივატიზებული არ არის, სესხსაც ვერ ვიღებთ. მივმართავთ მერიას, გვეუბნებიან, რომ ეს მათ არ ეხებათ და არც გვაკვალიანებენ. 30 წელია საკუთრება არ გვქონია. აქ ხულოდან მოვედით და სახლების უფასო პრივატიზაციის საბუთიც გვაქვს. 1989 წლიდან აქ ვართ, იქნებ ერთ დღეს მოვიდნენ და თქვან – ეს ჩვენი სახლია, წადით აქედან. არავინ იცის რა მოხდება“, – ამბობს ასლან თავართქილაძე.
სახლების რეგისტრაციას ვერ ახერხებს არა მარტო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზმანას, არამედ სოფელ ოკამის, აფნიას, გოგაშენის, ქარცეფის, კოთელიას, პტენას, ჩუნჩხას მოსახლეობაც. აჭარიდან 1988-1989 წლების სტიქიის შემდეგ გადმოვიდნენ, მაგრამ 30 წელზე მეტი ხნის წინ დასახლებული და აშენებული სახლების პრივატიზებას ვერ ახერხებენ.