აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ „დამცველი 2023“-ში საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს.
2023 წელს საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ აშშ-ის საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ერთობლივად გადაწყდა, რესურსები მიიმართოს ქვეყნის შიდა, მრავალეროვნულ სწავლებებზე.
„შეერთებული შტატები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების ერთგული რჩება და ერთობლივ მუშაობას განაგრძობს, რათა ორივე ქვეყანა გახდეს უფრო უსაფრთხო და დაცული. 2023 წელს შეერთებული შტატები და საქართველო ერთობლივი სამხედრო აქტივობების ფართო სპექტრის განხორციელებას აგრძელებენ. წელს შეერთებული შტატები და საქართველო ერთობლივად ორიენტირებული არიან, მაქსიმალურად გაზარდონ ურთიერთსასარგებლო სწავლებები საქართველოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. ამ ძალისხმევის ფარგლებში, ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ რესურსები მივმართოთ ქვეყნის შიდა, მრავალეროვნულ სწავლებებზე: Agile Spirit და „ღირსეული პარტნიორი“ და, მათ წარსულ წარმატებაზე დაყრდნობით, მაქსიმალურად ეფექტიანად გავაძლიეროთ საქართველოს ურთიერთთავსებადობა, მედეგობა და თავდაცვისუნარიანობა“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.