ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოჩიოში ჩივიან, რადგან სოფელში დაახლოებით 500 ტონა კარტოფილი დარჩათ, თუმცა მყიდველი არ ჰყავთ და მალე ახალი სასოფლო-სამეურნეო სეზონი დაიწყება. ზოგიერთი მცხოვრები ნაკლები კარტოფილის დათესვას გეგმავს.
სოფელში ჩამოსული იშვიათი მყიდველები კი მეკარტოფილეებს არახელსაყრელ ფასს სთავაზობენ.
„მყიდველი არ არის, კვირაში ერთი სატვირთო მანქანა ჩამოდის, 2-3 ტონას ყიდულობს, კარტოფილს კი ასეთი ტემპით ვერ გავყიდით, უკვე თესლის ჰყიდიან და კარტოფილის ფასიც დაეცა. კილოგრამზე ლარსაც არ იძლევიან, ხარჯს ასეთი ფასი ძლივს ფარავს“, – ამბობს მარტინ მარტიროსიანი.
ზოგიერთმა გადაწყვიტა, კარტოფილი თავად გაეტანა დიდი ქალაქების ბაზრებზე, მაგრამ იქაც ვერ გაყიდეს.
„კარტოფილი გაგვაქვს, მაგრამ უარესი სიტუაციაა, რადგან მეტი ხარჯი გვაქვს, კარტოფილი ან არ იყიდება, ან ძალიან დაბალ ფასში მიაქვთ. ჩემი ინფორმაციით, რუსეთიდან საქართველოში 15 000 ტონა კარტოფილი შემოიტანეს, ამიტომ ჩვენი აღარ იყიდება. როგორო მოვიქცეთ? ვერც შემოდგომაზე გავყიდეთ ბევრი“- განმარტავს სოფელ კოჩიოს მკვიდრი რადიკ მუსიკიანი.
სოფელ კოჩიოში კარტოფილის მოსავლის შემცირებაზე ფიქრობენ, რადგან რეალიზაციის პრობლემა პირველად არ აქვთ.
ერთ-ერთი მცხოვრების თქმით, 10 დღეა, რაც სოფელ კოჩიოში მყიდველები არ ჩამოსულან.
„ასე რომ გაგრძელდეს, კარტოფილის დათესვას შევწყვეტ“, – ამბობს მუსიკიანი.
ზოგიერთი აღნიშნავს, რომ კარტოფილზე ფასმა დაიკლო, თუმცა სასუქის ფასი არ შეცვლილა.
“300 კგ კარტოფილი უნდა გავყიდოთ, რომ ერთი ტომარა სასუქი ვიყიდოთ. აღარაფერი გვრჩება და ჯობია აღარ დავთესოთ“, – აცხადებს კოჩიოს მცხოვრები.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალქალაქის საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრიდან აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტში დარჩენილი კარტოფილის რაოდენობაზე მონაცემები არ აქვთ, თუმცა აღნიშნავენ, რომ დადებითი ტენდენცია უკვე შეინიშნება, კარტოფილის მყიდველებმა სოფლებში სიარული დაიწყეს.
სანამ ქალაქთან ახლოს მდებარე სოფლებში კარტოფილი არის, მყიდველები შორეულ სოფლებში არ მიდიან. მაგრამ გაყიდვების საკითხში დადებით ცვლილებებზე დაყრდნობით, შესაძლებელია მყიდველებმა სოფელ კოჩიომდეც მიაღწიონ.