9 წლის გოჰარი ძიუდოისტია. პატარა სოფელ სამსარში 3 წლის ასაკში დაკავდა სპორტით, შეჯიბრებებშიც მიიღო მონაწილეობა და მრავალი გამარჯვება მოიპოვა.
ბოლო მნიშვნელოვანი კონკურსი, რომელშიც იგი მონაწილეობდა მარტში თბილისში გაიმართა. ზურაბ იარაჯულის ხსოვნისადმი მიძღვნილ პირველ საერთაშორისო ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა. ტურნირში მონაწილეობა 2011-2012 წლებში დაბადებულმა ბიჭებმა და 2009-2010 წლებში დაბადებულმა გოგონებმა მიიღეს. მიუხედავად იმისა, რომ გოჰარი 2014 წელს დაიბადა და წონით კატეგორიას არ შეესაბამებოდა (სულ რაღაც 28 კგ), 32 კგ წონით კატეგორიის ძიუდოისტს შეხვდა და გაიმარჯვა.
გმირი მოკრძალებულია, გამარჯვებებზე ლაპარაკი არ უყვარს, მხოლოდ მორცხვად იღიმის და ვარჯიშზე საუბრობს, ჩვენს შეკითხვებს კი რამდენიმე სიტყვით პასუხობს. გოჰარ ავაგიანმა სპორტში პირველი ნაბიჯები 3 წლის ასაკში გადადგა, როდესაც მამამ ძიუდოს ტექნიკის სწავლება დაიწყო.
„მამასთან უფრო ახლოს ვარ და ვმეგობრობთ, სპორტზე ვსაუბრობთ, შეჯიბრებებს ერთად ვუყურებთ და მიღებებზე ვმსჯელობთ. მაგრამ ვარჯიშისას მკაცრი და მომთხოვნია. როცა შეჯიბრში ვმონაწილეობ, ყოველთვის ვფიქრობ, რომ გავიმარჯვებ“.
გოჰარი ოცნებობს, რომ ტელევიზიით აჩვენონ და მის გამარჯვებებზე ისაუბრონ.
„მინდა ტელევიზიით მაჩვენონ. სახლში გამარჯვებული რომ ვბრუნდები, ყველა მილოცავს, მიხარია და ძალიან კმაყოფილი ვარ.”
პატარა ძიუდოისტის თქმით, სხვებისგან არაფრით განსხვავდება, მიუხედავად იმისა, რომ სოფელში ერთადერთი ძიუდოისტი გოგონაა.
მშობლები ამბობენ, რომ გოჰარი თანატოლებისგან არა სპორტისადმი სიყვარულით, არამედ მოკრძალებით განსხვავდება.
გოჰარის მამის, აღასი ავაგიანის თქმით, გოგონა გასულ შეჯიბრში ყველაზე პატარა მონაწილე იყო, მაგრამ ამას მონაწილეობასა და პირველი ადგილის დაკავებაში ხელი არ შეუშლია. გოჰარს მამა ავარჯიშებს.
„გოჰარი ძალიან პატარა იყო, დაახლოებით 3-4 წლის, როცა სახლში ვარჯიშებს ვაკეთებდი და ილეთებსაც ვასწავლიდი. ვგრძნობდი, რომ ძიუდო უყვარდა, ილეთებსაც კარგად აკეთებდა, ამიტომ გადავწყვიტე მასთან მემუშავა. სჯერა, რომ წარმატებას მიაღწევს“, – ჰყვება აღასი Jnews-თან ინტერვიუში.
მას მეუღლე რიფსიმეც ეთანხმება. მისი თქმით, როცა მისი გოგონას ვარჯიშს, ენთუზიაზმსა და სიყვარულს ხედავს, უხარია და სჯერა, რომ გოჰარს კიდევ ბევრი გამარჯვება აქვს წინ.
„არცერთ შეჯიბრს არ დავსწებივარ, რადგან ძალიან ვიძაბები და აუხსნელი გრძნობები მეუფლება. საზოგადოების სტერეოტიპით, გოგონები სპორტით არ უნდა დაკავდნენ. ხშირად ამბობენ, რომ რადგან გოგოა, უფრო შესაფერისი პროფესია უნდა აირჩიოს, ასე ფიგურა შეეცვლება და ა.შ. მაგრამ ეს ხელს არ გვიშლის და მსგავს საუბრებს ყურადღებას არ ვაქცევთ“, – გვიზიარებს გოჰარის დედა.
გოჰარის ყოველდღიური ცხოვრება ძალიან დატვირთულია, მას მხოლოდ სპორტი არ იზიდავს. დიდი სიყვარულით დადის ცეკვის გაკვეთილებზე, კეთილსინდისიერად ასრულებს სასკოლო დავალებებს, ესწრება ქართულისა და ინგლისურის გაკვეთილებს, უმცროს ძმას, ლეოსაც უვლის.
შეგიძლიათ გაეცნოთ:
კორონავირუსმა 6 წლის გოარიკის დღის განრიგი შეცვალა(Video)