ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, ახალქალაქში, ბოლო დროს განხორციელებული, ძალადობრივი ფაქტების დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას, რაც მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის სახელთან არის დაკავშირებული. EMC ასევე მოუწოდებს მართველ პოლიტიკურ პარტიას სამცხე-ჯავახეთში კლანური ძალაუფლებისა და მმართველობის ანტიდემოკრატიულ შინაარსს გადახედონ.

დღეს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა გამოაქვეყნა მასალა“ენზელ მკოიანის კლანური ძალაუფლება პოლიტიკურ და სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს“. ცენტრი აღნიშნავს, რომ ბოლო თვეებში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დაფიქსირდა ფიზიკური დაპირისპირების არაერთი მძიმე შემთხვევა, რომელიც მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის სახელსა და პასუხისმგებლობას უკავშირდება.

“სამწუხაროდ, აღნიშნულ ფაქტებზე სამართალდამცავ ორგანოებს ეფექტიანი რეაგირება ამ დრომდე არ ჰქონიათ, რაც გამოძიებაზე პოლიტიკური ინტერესების გავლენისა და რეგიონში ჭარბი ძალაუფლების მქონე დეპუტატის პოლიტიკური და სამართლებრივი პრივილეგირების ნიშნებს ატარებს”, -ნათქვამია ცენტრის შეტყობინებაში.

აღნიშნული საკითხებით ცენტრის ყურადღების ქვეშ მოიქცა ახალქალაქის ორი ინციდენტი: ერთი 26 მარტის და მეორე 8 მაისის ინცინდენტები.

26 მარტს, დღის მეორე ნახევარში, დაახლოებით 15:28 საათზე კაფე «გოლდთან», რომელიც პარლამენტის ყოფილ დეპუტატ, სამველ პეტროსიანს ეკუთვნის, პეტროსიანისა და მკოიანის ნათესავებს შორის კონფლიქტი მოხდა. კადრებში ასევე ჩანს, რომ დაპირისპირება არ იყო ხანგრძლივი და მალევე დასრულდა. მას შემდეგ, რაც კონფლიქტში მონაწილე მხარეები თითქოს და დამშვიდდნენ და დაიშალნენ, “ქართული ოცნების” პარტიის მოქმედ წევრს, ენზელ მკოიანსა და “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ წევრს, სამველ პეტროსიანს შორის სროლები იწყება.

8 მაისს ახალქალაქში რამდენიმე მცხოვრებს შორის დაპირისპირება მოხდა.შსს-მ სისხლის სამართლის საქმე ძალადობის ფაქტზე აღძრა. «საქართველოს პარტიოტთა ალიანსის» ლიდერმა ახალქალაქის გარჩევის შესახებ ფეისბუკ გვერძე გამოაქვეყნა, სადაც ძალადობაში არარატ ამბარიანი დაადანაშაულა.
თავად ამბარიანი აცხადებს , რომ გარჩევაში მონაწილეობა არ მიუღია. აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძება.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი წერს, რომ მკოიანი 1999 წლიდან პარლამენტის დეპუტატია და მას და მის ოჯახის წევრებს ნავთობწარმოების სფეროში რამდენიმე ბიზნესი აქვთ.
“ენზელ მკოიანის ძმა და ბიძა, მარტუნ და ნორაირ მკოიანები ხელისუფლებაში მყოფი პარტიების მსხვილი შემწირველები არიან. მკოიანების ოჯახის ბიზნესებში სახელმწიფო ტენდერების უკანონო და კორუფციული მიზნებისათვის გამოყენების ნიშნებიც ჩანს. ჯავახეთში 674 სახელმწიფო შესყიდვა გაფორმდა სამ კომპანიასთან, რომელიც ენზელ მკოიანის შვილების, ძმისა და ბიძის საკუთრებაშია, მათ შორის 665 პირდაპირი წესით მოხდა. აღნიშნულმა კომპანიებმა 2010-2019 წლებში ბიუჯეტიდან 2 312 278 ლარი მიიღეს”, -წერს ცენტრი.

მასალაში ასევე აღნიშნული, რომ Transparency International Georgia-მ 2020 წლის 30 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და გენერალურ პროკურატურას მიმართა, თხოვნით, გამოიძონ ეს ფაქტები, თუმცა მათ რეაგირება არ მოახდინეს.

«ენზელ მკოიანი მაჟორიტარი დეპუტატია, რომელიც კლანური გზებით მართავს რეგიონს და ყველა ხელისუფლება მისი გავლენიანობის გამოყენებას ელექტორალური მიზნებისთვის ცდილობს. სამწუხაროდ, მსგავსი მაგალითები გვხდება სხვა რეგიონებშიც (მათ შორის, ქვემო ქართლი, ზემო აჭარა). ეს პრაქტიკა გარდა იმისა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ და პოლიტიკურ ინტერესებს ეწინააღმდეგება და რეგიონების პოლიტიკურ იზოლაციას აღრმავებს, ის ქვეყანაში დემოკრატიის მშენებლობის პროცესს არსებითად აზიანებს.

ენზელ მკოიანის ინტერესებისა და გავლენიანობის მასშტაბი, ასევე მომხდარ ძალადობრივ შემთხვევებზე სამართალდამცავი უწყებების არასათანადო რეაგირება, კიდევ ერთხელ აჩვენებს მის მიმართ პოლიტიკური ლოიალობისა და მისი სამართლებრივი პრივილეგირების ნიშნებს, რომელიც რეგიონში კონფლიქტის ესკალაციის რისკებს ქმნის და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან მოდის წინააღმდეგობაში»,- აცხადებენ ცენტრში.

«ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2020 წლის 26 მარტსა და 8 მაისს მომხდარ ინცინდენტებთან დაკავშირებით, EMC მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაუყოვნებლივ დაიწყონ დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიება».