23 მარტს ოფიციალური ვიზიტით ახალქალაქში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კელი დეგნანი ჩამოვიდა.
აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ახალქალაქის მე-3 საჯარო სკოლას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ახალქალაქის ქართული სკოლის ინგლისურ ოთახში „ამერიკული თარო“ გახსნა, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩო და მშვიდობის კორპუსის მოხალისეები აფიინანსებენ. საპატიო სტუმრისთვის შეხვედრაზე ანსამბლმა „მურჯმა“ ცეკვები შეასრულა.
მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა სკოლის დირექტორმა თამარ ოძელაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს ერთადერთი ქართული სკოლაა ახალქალაქში, სადაც სხვადასხვა ეროვნების, არაქართულენოვანი თუ შერეული ოჯახების შვილები, სომხები, უკრაინელები, მოლდოველები და ბერძნები სწავლობენ – “ეს პატარა ინტერნაციონალური სკოლა”.
სიტყვით გამოვიდა ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი თერეზა ჩივჩიანიც.
ელჩმა თბილი დახვედრისთვის დამსწრეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს საქართველოში მე-17 ამერიკული კუთხეა, რის შემდეგაც წითელი ლენტი გაიჭრა. აშშ-ს საელჩომ სკოლას ინგლისურ ენაზე ბევრი საინტერესო წიგნი აჩუქა, რომელიც თავად ელჩმა დეგნანმა დაალაგა თაროებზე.
თამარ ოძელაშვილმა და ელჩმა საქართველოსა და აშშ-ის დროშებით მორთული ტორტი გაჭრეს. ვიზიტის ფარგლებში კელი დეგნანმა მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხა. ბავშვებს აინტერესებდათ, როგორ ხდებიან ელჩები, რა უნარ-ჩვევებია საჭირო ამისთვის, რა გაცვლითი პროგრამებია ხელმისაწვდომი მოსწვლეებისა და მასწავლებლებისთვის; სად სურს ელჩს საქართველოში მოგზაურობა და აზრი ჰკითხეს გლობალური დათბობის შესახებაც. ერთ-ერთ სტუდენტს ელჩის შეფასება აინტერესებდა ლიდერის, სი ჯინ პინგის მოსკოვში ჩასვლასთან დაკავშრებით. ელჩს სთხოვეს საქართველო ერთი სიტყვით დაეხასიათებინა, რაზეც აშშ-ს ელჩმა უპასუხა – „ფანტასტიკური“.
კითხვა-პასუხის შემდეგ მოსწავლეებმა კელი დეგნანთან ფოტო გადაიღეს.
ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის ელჩი ახალქალაქელ ახალგაზრდებს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში შეხვდა. 24 მარტს კი “SEREC”-ის ოფისში არასამთავრობო ორგანიზაციებთან გაიმართება შეხვედრა.