“უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგ გამოსვლებში სომეხი სტუდენტებიც მონაწილეობდნენ; უნივერსიტეტის მეგობრებს შეუერთდნენ. ედიკ ქამალიანი მონაწილეთაგან ერთ-ერთია.

ხუთი დღის განმავლობაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ედიკ ქამალიანი ქუჩებში იბძოდა, რათა საქართველოს პარლამენტს “უცხოელი აგენტების შესახებ” კანონპროექტი არ მიეღო. საკუთარ თავს პოლიტიკურ სფეროში ხედავს და მისი პროფესიაც ამაზე მეტყველებს – პოლიტოლოგიის ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტია.

მისი თქმით, სხვა პროფესიაც რომ აერჩია, საპროტესტო აქციებში მაინც მიიღებდა მონაწილეობას.

„აქციებში მონაწილეობა იმიტომ მივიღე, რომ საქართველოს მოქალაქეობა ვარ. მესმის, რომ რუსეთში მოქმედი კანონი აქაც რომ მიიღონ, თითოეული ჩვენგანი დაზარალდება. დაიძაბება ევროპასთან ურთიერთობაც და საქართველოს არა მხოლოდ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, არამედ ყველა ის შესაძლებლობა წაერთმევა, რასაც ევროკავშირი და სხვა ქვეყნები გვაძლევენ. საქართველოში ცხოვრება და აქ განათლების მიღება მხარდაჭერის ვალდებულას გვაკისრებს. ამიტომ კანონის პრევენციაში ჩემი წვლილიც შევიტანე. კანონი რომ მიეღოთ, ბევრ საკითხში განვითარების ნაცვლად, რეგრესს განვიცდიდით“, – განმარტა ედიკ ქამალიანმა Jnews-თან ინტერვიუში.

ედიკ ქამალიანის აზრით, კანონის მიღებით ადამიანები ვეღარ მიიღებდნენ სათანადო განათლებას, დაკარგავდნენ საზღვარგარეთიდან რეგულარულად გაცემულ სტიპენდიებს, ვერ ნახავდნენ მომავალში ევროკავშირთან საქმიანობის გაფართოების პერსპექტივას. მიაჩნია, რომ საქართველოს პოლიტიკურ ასპარეზზე ჯერ კიდევ აქვს განვითარების შანსი და ამის მისაღწევად საუკეთესო გზა დემოკრატიისთვის ბრძოლაა.

„ეს ჩემს ცხოვრებაში პირველი დემონსტრაცია იყო, რომელშიც მონაწილეობა მივიღე. გვერდში დგომისკენ ჩემს მეგობრებსა და გარემოცვასაც მოვუწოდებდი. ბევრმა უარი თქვა, რადგან სახიფათო იყო ასეთ არამშვიდობიან აქციაში მონაწილეობა. რეალური საშიშროება იყო და ვხვდებოდი, რომ იქ ყოფნისას შეიძლება ზიანი მოეყენებინათ, რადგან ქმედებებს სამოქალაქო აქტივისტები ემსხვერპლნენ. მაგრამ მე ტერიტორია არ დამიტოვებია“, – აღნიშნავს იგი.

ედიკი დემონსტრაციებში მონაწილეობას სამშობლოს, საქართველოს წინაშე თავის მოქალაქეობრივ მოვალეობად მიიჩნევს. ევროპა მასთან თავისუფლებასთან და კეთილდღეობასთან ასოცირდება, სადაც ადამიანის უფლებები უმაღლესი ღირებულებაა.

„ვამაყობ, რომ გაერთიანება და მომავალი ევროპული საქართველოსთვის ბრძოლა შევძელით. თუ გავერთიანდებით, ნებისმიერ სირთულეს დავძლევთ და ეს კანონის უარყოფითაც დადასტურდა. თითოეული ჩვენგანისთვის მართლაც ძალიან დიდი გამარჯვება იყო.  მზად ვარ საქართველოს კეთილმოწყობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე გამოვთქვა ჩემი აზრი, თუნდაც ძალიან უმნიშვნელო პრობლემა იყოს“, – განმარტავს ედიკ ქამალიანი.

„უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი ყველა იმ არაკომერციული იურიდიული პირისა და მედიის გამოვლენას გულისხმობდა, რომელთა უცხოური დაფინანსება 20 პროცენტს აღემატებოდა.

თბილისში საპროტესტო აქციები მაშინ გაიმართა, როდესაც პარლამენტმა 7 მარტს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”. მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ საქართველოს პარლამენტმა კანონი გაიწვია.

ჟანა ჩოგანდარიანი