პატარა სოფელი ბოზალი ახალქალაქი-კარწახის გზატკეცილთან მდებარეობს და გზიდან თითქმის მთელი სოფელი მოჩანს, ამიტომ თითქოს აქ ყველაფერი კარგად უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასე არ არის: 400 მეტრი ტალახი, ღამით ბნელი ქუჩები და პირუტყვი, რომელიც 1 კმ-ს გადის რკინიგზის გასწვრივ სულდამდე, შემდეგ ამდენივეს დადის სოფლის მოპირდაპირედ საძოვრებამდე მისასვლელად. მცხოვრებლები არ წუწუნებენ, მაგრამ საუბრისას გამოჩნდა, რომ აუცილებელი პირობების გარეშე ცხოვრობენ.
პროექტის „ახალქალაქის მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური განვითარება ინფორმაციის საშუალებით“ ფარგლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის შორეულ სოფლებში ორგანიზაცია „ღია საზღვრები“ (Jnews) ახალქალაქის მოსახლეობისთვის არსებული მომსახურებების გამოყენების, პრობლემების იდენტიფიცირების და მათი გადაჭრის ადვოკატირების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდების მიზნით საინფორმაციო შეხვედრებს ატარებს. „ღია საზღვრები“ ამჯერად სოფელ ბოზალს ეწვია.
შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციის თანადამფუძნებელმა და Jnews-ის ჟურნალისტმა შუშან შირინიანმა და დირექტორმა და ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორმა რიმა ღარიბიანმა გამართეს.
სოფელ ბოზალში 32 ოჯახი ცხოვრობს, ჯამში 218 პირი. შეკრებილი 15-მდე მცხოვრები სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის, სოფლის მეურნეობის პროგრამების, სოციალურად დაუცველის სტატუსის მოპოვების, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის ან შენარჩუნების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სახელმწიფო რეგისტრაციის და სხვა ბევრი საჯარო მომსახურების საქმიანობას გაეცნო. სოფლის მოსახლეობა დისკუსიებში აქტიურად მონაწილეობდა და გამოცდილებას გვიზიარებდა.
საჯარო სერვისების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ მოსახლეობამ სოფლის პრობლემებსა და პირად პრობლემებზე ისაუბრა.
ბოზალის მკვიდრი კარაპეტ დურგარიანი ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის შემდეგ სოფლის მცხოვრებთა დისკომფორტს უჩიოდა.
„ორი სოფლისთვის (სულდა, ბოზალი) მხოლოდ ერთი საძოვარი გამოყვეს. იგი მოუხერხებელ ადგილას იყო და ყოველ ჯერზე პირუტყვი 1 კმ სიშორეზე უნდა გარეკო და ამდენივე უკან ატარო. ჩვენი საძოვრები სოფლის ზემოთაა, თანაც საქონელი იქ გროვდება, მწყემსმა პირუტყვი ჩვეულებრივზე 2-3 საათით ადრე უნდა დააბრუნოს, რადგან ამდენი დრო მხოლოდ გადაადგილებას სჭირდება“, – ამბობს კარაპეტ დურგარიანი.
სოფლის მოსახლეობას ბევრი საჩივარი ჰქონდა: კარტოფილი არ იყიდება, ტერიტორიაზე სასაკლაო არ არის და გზატკეცილიდან სკოლამდე გზა მოუასფალტებელია.
„ეს გზა მაინც დააგონ. მთლიანად სოფელში სულ 400 მეტრი გზაა, გზატკეცილიდან სკოლამდე – დაახლოებით 200 მეტრი, მაგრამ კვლავ ტალახში ვიხრჩობით“, – განმარტავს ერთ-ერთი მცხოვრები.
კარენ ვარტიკიანის აზრით არასწორია, რომ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირებისას მათ სტანდარტების დაცვა მოეთხოვებათ, ხოლო ტექნიკური მომსახურება, სათადარიგო ნაწილები და საწვავი სტანდარტების მათგან შორსაა და თან ძვირია.
„ყველა იაფი ნაწილი უხარისხოა. იყიდი, გააკეთებ, მეორე დღეს კვლავ უვარგისია. ბენზინიც უხარისხოა, მაგრამ ისინი ნორმალურ CO-ს შემადგენლობას ითხოვენ, თუმცა ნორმალურ ბენზინსა და მაღალი ხარისხის სათადარიგო ნაწილებს ვერ უზრუნველყოფენ“, – ამბობს კარენ ვარტიკიანი.
ეზეკ მარაბიანი მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტს სასაკლაო სჭირდება.
„სასაკლაო რომ იყოს, ამ პირუტყვს საჭიროების შემთხვევაში ჩავაბარებდით და თურქების, ქართველების მოსვლას აღარ დავუცდიდით, რადგან ყოველთვის აგვიანებენ ჩამოსვლას“, – განმარტავს ეზეკ მარაბიანი.
მსგავსი შეხვედრები სოფელ ხავეთსა და ერინჯაშიც გაიმართა. პროგრამით „ახალქალაქის მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური განვითარება ინფორმაციის საშუალებით“ ფარგლებში შეხვედრები მუნიციპალიტეტის კიდევ შვიდ სოფელში გაიმართება.
პროექტს ორგანიზაცია „ღია საზღვრები“ სოფლების მოსახლეობის დახმარების მიზნით ახორციელებს. მის ფარგლებში სოფლების მდგომარეობა ზოგადად შეისწავლეს, რის შემდეგაც კონკრეტული სოფლები შეირჩა, რომელთაც ყველაზე მეტი პრობლემა აქვთ. ბოზალის მოსახლეობასთან შეხვედრამდე Jnews-ი მათ პრობლემებს გაეცნო. საინფორმაციო შეხვედრის მთავარი მიზანი არა მხოლოდ მოსახლეობის ინფორმირება, რათა მათ სხვადასხვა მომსახურებით სარგებლობა შეძლონ, არამედ მოსმენა და მათი პრობლემების გარკვევაა.