“უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ” – ასე ეწოდება რიგით მეორე კანონის პროექტს, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.
პროექტის ავტორები უმრავლესობაში შემავალი “ხალხის ძალის” დეპუტატები: – სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, დაჩი ბერაია და ვიქტორ ჯაფარიძე არიან.
პროექტის გათვალისწინებით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს.
კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე.
კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, “რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა”.
კანონპროექტის თანახმად, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ.
“უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ” კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით – ვადით 5 წლამდე.
კანონპროექტის ინიციატორების სახელით პარლამენტში ასევე ინიცირებულია “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი.
აღნიშნული პროექტი უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა (20%-ზე მეტი) უცხოეთიდან არის მიღებული. ამავე კანონპროექტის თანახმად, ყველა, ვინც უცხოური გავლენის აგენტად მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს.