გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 თებერვლიდან 18 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია სკანდინავიის ციკლონთან დაკავშირებული ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი უმეტესად თოვლის სახით, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმი.

მათივე ცნობით, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

სააგენტოს განცხადებით, 14-16 თებერვალს დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურის -3,-5 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ, შესაძლოა, ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით, ლიმონის) დაზიანება გამოიწვიოს.