დღეს, 9 მაისს გამარჯვების დღეს აღნიშნავენ. ახალქალაქში კორონავირუსის პანდემიის გამო ვეტერანების საპატივცემო ოფიციალური ცერემონია არ გაიმართება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, ვეტერანების რაოდენობა ყოველწლიურად იკლებს. წელს დღესასწაულს მხოლოდ 4 ვეტერანი აღნიშნავდა, გასულ, 2019 წელს იყო 6 ვეტერანი, 2018 წელს 8 ვეტერანი გვყავდა, 2017 წელს იყო 13, 2016 წელს ჩვენი ვეტერანები 17 იყვნენ, ხოლო 2015 წელს იყო 22. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 2013 წელს 35 ვეტერანი გვყავდა.
ყოველ წელს ვეტერანები, საუკეთესო კოსტიუმებით საზეიმოდ გამოწყობილი, ჯილდოებითა და მედლებით, ახალქალაქის ტანსაცმლის ბაზრობის ტერიტორიაზე, საბჭოთა კავშირის გმირის, ვაჩაგან ვანციანის ძეგლთან იკრიბებოდნენ. ვეტერანებს ეამაყებოდათ და უხაროდათ ერთმანეთის ნახვა, პატივისცემისა და მადლიერების სიტყვებს ისმენდნენ.
ადგილობრივი ხელისუფლება ძეგლთან ყოველწლიურად პატარა ღონისძიებებს მართავდა. ვეტერანებისადმი მადლიერების სიტყვებითა და ყვავილებით შეხვედრა ტარდებოდა. თუმცა, წელს კორონავირუსის პანდემიის გამო ვეტერანებს ძეგლთან გასვლა აუკრძალეს და ცერემონია გააუქმეს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა 4 ვეტერანს საჩუქრის სახით 1500 ლარი გადასცა. ვეტერანებს ფინანასური დახმარების სახით 600 ლარი საქართველოს ხელისუფლებამაც გამოუყო, ხოლო მეორე მსოფლიო ომში გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს- 300 ლარი. ახალქალაქში ასეთი ოჯახები აღარ არის.
ამჟამად საქართველოში სამამულო ომის 371 ვეტერანი ცხოვრობს.