27 და 28 თებერვალს სოციალური სამართლიანობის ცენტრი ნინოწმინდისა და ახალქალაქის მცხოვრებლების სამართლებრივი მხარდაჭერის შესახებ შეხვედრებს გამართავს. ახალქალაქში შეხვედრა 28 თებერვალს JNEWS-ის ოფისში 12:00-დან 17:00 საათამდე გაიმართება.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტები ადგილობრივ მოსახლეობას მათთვის საინტერესო იურიდიულ საკითხებზე უფასო იურიდიულ კონსულტაციას სთავაზობენ. იურისტი ქართულენოვანია, მაგრამ ასევე ფლობს რუსულს, საჭიროების შემთხვევაში თარგმნიან სომხურადაც.
საკონსულტაციო შეხვედრები პროექტის “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია”-ს ფარგლებში იმართება, რომელსაც საქართველოში გაეროს ასოციაცია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის კოორდინატორმა ტიგრან ტარზიანმა JNEWS-თან საუბარში განაცხადა:
„ ჩვენი ორგანიზაციის იურისტები ხალხს კონსულტაციას გაუწევენ და დასმულ საკითხზე იმუშავებენ. მთავარი მიზანი სოციალური სამართლიანობის აღდგენაა. ზოგადად, სოციალურ საკითხებზე მუშაობა გრძელვადიანი პროცესია და მზად ვართ ჯავახეთის მცხოვრებლებთან ამ საკითხებზე დიდხანს ვიმუშაოთ“.
იურიდიული დახმარებას ჰპირდებიან ეთნიკური და რელიგიური დისკრიმინაციის, პოლიციელების მხრიდან არასწორი ქმედებების, მოქალაქეობის, მიწის რეგისტრაციის, ოჯახში ძალადობისა და იძულებითი ქორწინების შემთხვევაშიც.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენლები მოსახლეობის სოციალური პრობლემების იდენტიფიცირებას უზრუნველყოფენ და საერთო პრობლემების შესახებ ინფორმაციას შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს მიაწვდიან.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის ორგანიზაციაა, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად სოციალურ უფლებებსა და თანასწორობის პოლიტიკაზე მუშაობს.