გონივრულ ფასად ბინის ქირაობა სტუდენტებისთვის კვლავ აქტუალური პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში, სომხეთში მიგრანტების ნაკადი შედარებით შემცირდა, ამას ნაქირავები ბინების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ჰქონია. ამ საკითხთან დაკავშირებით JNEWS-ი თბილისსა და ერევანში მცხოვრებ სტუდენტებს ესაუბრა.

თბილისსა და ერევანში ნაქირავებ ბინებზე ფასების მკვეთრი ზრდა რუსეთ-უკრაინის ომით არის განპირობებული. ხალხის მასიური შემოდინების გამო მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა როგორც ბინების გაქირავებაზე, ისევე ფასზე.

მიუხედავად იმისა, რომ შემოდინების პიკმა უკვე გადაიარა და მოთხოვნა შემცირდა, ბინების ფასები კვლავ მაღალია, რაც ქირით მცხოვრები სტუდენტებისთვის პრობლემაა.

JNEWS-მა სომხეთსა და საქართველოში უძრავი ქონების ყიდვა-გაქირავების საიტების ანალიზისას (area.ge, binebi.ge, livo.ge, ss.ge, myhome.ge, senyak.am, myrealty.am, besthouse.am, bnakaran.com. ) შენიშნა, რომ თბილისში ერთოთახიანი ბინების ფასები 700-დან 900 ლარამდე მდებარეობისა და პირობების მიხედვით მერყეობს, ხოლო ერევანში 110,000-200,000 დრამის (750-1350 ლარი) ფარგლებში, რაც სტუდენტებისთვის საკმაოდ მაღალია ფასია.

კრისტინა ხოცანიანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია:

„სახლი 550 ლარად ვიქირავეთ, მაგრამ პატრონმა დაგვირეკა და გვითხრა, რომ ბინა დაგვეტოვებინა, რადგან მისი ახლობლები მოდიოდნენ.”

თითქმის ყველა საიტი, ინტერნეტ რეკლამა, მეგობრებისა და ნაცნობების შეთავაზებები შევისწავლეთ და ფასები ყველგან ძალიან მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ ბინის შესახებ განცხადება უკვე დიდი ხანია საიტზეა და ცხადია, მსურველები არ არიან, მის უფრო ხელმისაწვდომ ფასად გაქირავებას მაინც არ თანხმდებიან“.

ჩვენი თანამოსაუბრის თქმით, თუ რამდენიმე თვის წინ საიტზე რეკლამა ჩნდებოდა, მას მოკლე დროში ხსნიდნენ, რაც მაღალ მოთხოვნაზე მიუთითებდა, ახლა ასე აღარ ხდება.

კრისტინა ჰყვება, რომ სხვა ბინაში გადასვლისას, ერთხელ შემთხვევით ნაქირავები სახლის რეკლამა ნახა და გაუკვირდა, რადგან ქირა 1 200 დოლარი იყო. ნათესავი არ მისულა, მეპატრონე კი მის სამ-ოთხჯერ უფრო ძვირად დაქირავებას აპირებდა.

„როდესაც რეკლამა ვნახე, იმ დღიდან ხშირად ვამოწმებ, გააქირავეს თუ არა ეს სახლი. შევამჩნიე, რომ ფასი ჯერ 1 200 დოლარი იყო, მერე 1 000, 800, 750, დღეს კი 700 დოლარია. ვფიქრობ, ფასს კიდევ დააკლებენ“, – განმარტავს კრისტინა ხოცანიანი.

გრიშა ალმასიანი ერევანში სწავლობს. მისი თქმით, სახლი, რომელშიც ის ცხოვრობს, 100 000 დრამად იყო გაქირავებული, მაგრამ რადგან სახლი ტურისტებისა და ლტოლვილების შემოდინებამდე დაიქირავა, მეპატრონე დათანხმდა ფასი არ აეწია.

„ჩემს ბევრ მეგობარს ნაქირავები ბინის პრობლემა ჰქონდა. ძნელია ქირით საცხოვრებლის შოვნა, ხშირად სტუდენტების უკვე ნაქირავები სახლებიდან გამოსახლებას ცდილობდნენ ან ფასს მკვეთრად ზრდიდნენ, რათა მათ ნებაყოფლობით დაეტოვებინათ საცხოვრებელი. სტუდენტების უმეტესობა ერთოთახიან ბინაში ყოველგვარი პირობების გარეშე დაახლოებით 150-200 ათას დრამს იხდის, რაც მათთვის საკმაოდ ძვირია“, – ჰყვება გრიშა ალმასიანი.

თუ თბილისსა და ერევანში ბინების დეფიციტი იყო, ახლა საიტებზე რამდენიმე ახალი განცხადება ჩნდება, რომლებიც საკმაოდ დიდხანს რჩება. თუმცა, ქირა კვლავ მაღალია.