16.02.2023
ნახვები: 310 |
ავტორი: Kristina Marabyan
ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა „ტელე-რადიო მომსახურების“ ტენდერი გამოაცხადა, თუმცა წინასწარ ცნობილია, რომ ტენდერს ადგილობრივი ტელევიზია მოიგებს, რადგან მონაწილეთა მოთხოვნებიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, სხვა ადგილობრივმა მედიამ მონაწილეობა მიიღოს.
„ტელე-რადიო მომსახურების“ ტენდერი 10 თებერვალს გამოცხადდა და განაცხადები 20 თებერვლამდე მიიღება, საწყისი თანხა – 44 988 ლარი. კონკურსის გამარჯვებულთან კონტრაქტი 2023 წლის 31 დეკემბრამდე გაფორმდება.
ამ სერვისებს ყოველთვის ადგილობრივი ტელევიზია ATV12 ახორციელებს, რაც გასაკვირი არ არის, რადგან სექცია „დამატებითი ინფორმაციაში“ შემდეგია განმარტებული: „მომსახურების შესყიდვა ადგილობრივი ტელევიზიიდან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ“; რადგან ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ერთადერთი ადგილობრივი ტელევიზიაა, მხოლოდ მას, ანუ ATV-12-ს შეუძლია ტენდერში მექანიკურად მონაწილეობა, რაც ამ ტენდერს ფორმალურს ხდის.
პუნქტში საქონლის ტექნიკური პარამეტრები, მომსახურების აღწერა, სამუშაოები (დავალებები), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა და მოცულობაა აღნიშნული:
– საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სიგნალის მიღება და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მაუწყებლობა
– საინფორმაციო პროგრამების მომზადება, რაიონის საკრებულოს და მერიის სხდომების, კულტურული და სპორტული ღონისძიებების, საზოგადოებრივი და სოციალური თემების გაშუქება. მასზე მინიმუმ ორი გადამღები ჯგუფი უნდა მუშაობდეს
– ეთერში მუნიციპალური საბიუჯეტო ორგანიზაციების განცხადებების გადაცემა (მცოცავი ხაზი)
– პირდაპირი ეთერი Facebook-ზე, Youtube-ზე და სცენიდან ჩართვა
– კვირაში ერთხელ უნდა მომზადდეს და გაშუქდეს 10-15 წუთიანი გადაცემები კულტურულ, სპორტულ, სოციალურ და სხვა თემებზე, სადაც მოწვეული სტუმარი უნდა მონაწილეობდეს
– ტელევიზიით გაშუქებული პროგრამები ინტერნეტში: Facebook-სა და YouTube-ზე უნდა განთავსდეს
განმცხადებელი უნდა აკმაყოფილებდეს მინიმუმ შემდეგ ტექნიკურ პირობებს:
მიმწოდებელს უნდა ჰქონდეს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (ქალაქ ახალქალაქის ტერიტორიულ საზღვრებში) მაუწყებლობის ნებართვა, მეტრულ ან დეციმეტრულ სიხშირეზე მაუწყებლობის ნებართვა (მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია) და/ან ლიცენზია;
ტელეკომპანიას უნდა ჰქონდეს საკუთარი არხი www.youtube.com-ზე, Facebook-ზე, სადაც უნდა განთავსდეს ხელშეკრულებით მომზადებული ყველა პროდუქტი;
მომხმარებლის ან შემსრულებლის მიერ მომზადებული პროდუქტი უნდა განთავსდეს ეთერის მსვლელობის დროსაც (პრაიმ-ტაიმის დროს).
დამატებითი ინფორმაციისთვის, თუ რომელი მედიასაშუალებები იღებენ დაფინანსებას ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან, იხილეთ სტატია: “რომელი მედია ფინანსდება ახალქალაქისა და ნინოწმინდის ბიუჯეტიდან”