ახალქალაქის ყოფილი მე-15 სამხედრო ქალაქის მცხოვრებლები სახელმწიფოსგან იმ სახლების პრივატიზაციას ელიან, რომლებშიც ისინი ათწლეულები ცხოვრობდნენ. ახალქალაქის მერიის სახელმწიფო ქონების დეპარტამენტი ამ სახლების პრივატიზების ნებართვის მოთხოვნაზე პასუხს გასული წლის შემოდგომიდან ელის.
ახალქალაქის ყოფილი მე-15 სამხედრო ქალაქის 3 მრავალსართულიანი კორპუსის და 3 „სახლის“ მცხოვრები, ჯამში 120 ოჯახი, გაურკვევლობაში ცხოვრობს, რადგან სახლების პრივატიზაცია ვერ ხერხდება. მათ არაერთხელ მიმართეს პასუხისმგებელ ორგანოებს, ისინი კი ლოდინს ურჩევენ და არ ამბობენ, რამდენ ხანს გაგრძელდება პროცედურები.
გასულ შემოდგომაზე მოსახლეობამ დახმარების თხოვნით Jnews-ის რედაქციას მიმართა.
“სამხედრო ქალაქის” მცხოვრებლები “საკუთარ” სახლებში არ ცხოვრობენ
ყოფილ მე-15 ქალაქში სახლების პრივატიზების პრობლემით ახალქალაქის სახელმწიფო ქონების დეპარტამენტს მივმართეთ, სადაც გვიპასუხეს, რომ მდგომარეობის შესახებ არაფერი იციან, მას განიხილავენ და პროცესის დეტალებს უახლოეს დღეებში გაასაჯაროებენ.
თითქმის ხუთი თვის შემდეგ Jnews-მა გადაწყვიტა გაერკვია, რა ეტაპზეა პროცესი და არის თუ არა რაიმე პროგრესი.
როგორც გაირკვა, 29 სექტემბერს Jnews-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, პრივატიზაციის პროცესის დასაწყებად შენობების ინვენტარიზაცია ჩატარდა.
სამხედრო ბანაკის მკვიდრის თქმით, ახალი არაფერია, უბრალოდ, მერიის თანამშრომლები მივიდნენ და სურათები გადაიღეს.
„მგონი პირი გვარამაძე იყო, შემოდგომას მოვიდნენ, გაზომეს, გადაიღეს, თუმცა ახალი ჯერ არაფერია“, – განმარტავს მე-15 ქალაქის ერთ-ერთი ბინის მცხოვრები.
იგი 1999 წლიდან ამ ბინაში ცხოვრობს და ქონების პრივატიზებას ვერ ახერხებს. მოსახლეობა გარკვეულწილად იმედგაცრუებულია, რადგან “ჩინოვნიკების კარებზე კაკუნით უკვე დაიღალა”.
ახალქალაქის მერიის სახელმწიფო ქონების საქალაქო სამსახურის უფროსი თამაზ გვარამაძე აცხადებს:
„ინვენტარიზაცია ჩავატარეთ და შედეგები გავაგზავნეთ; მეტი არაფერი შეგვიძლია. გადაწყვეტილება მათ უნდა მიიღონ და პასუხს ველით. ვფიქრობ, ამ საკითხს ყურადღებას მიაქცევენ, რადგან სოციალურ თემას ეხება. გამოსავალი უნდა იყოს“, – განმარტა თამაზ გვარამაძემ.
ახალქალაქის ყოფილ მე-15 სამხედრო ქალაქში სახლების პრივატიზებაზე მთავრობის გადაწყვეტილებას Jnews-ი გაცნობებთ.