დაახლოებით 120 ოჯახი, ახალქალაქის ყოფილი მე-15 სამხედრო ქალაქის 3 მრავალსართულიანი კორპუსის და 3 „სახლის“ მცხოვრები აცხადებენ, რომ  სახლების პრივატიზაციას ვერ ახერხებენ. ისინი მიმართავენ პასუხისმგებელ ორგანოებს, სადაც ეუბნებიან, დაელოდონ, მაგრამ არ აკონკრეტებენ ლოდინი რამდენ ხანს გაგრძელდება.

N15 ყოფილი სამხედრო ქალაქი ახალქალაქის სამხრეთ გარეუბანში მდებარეობს. ამ ადგილას ოდესღაც ახალქალაქში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზის ერთ-ერთი ნაწილი იყო განთავსებული. სამხედრო ნაწილი 1989 წელს დაიხურა, ხოლო საცხოვრებელი შენობების მობინადრეები, რომლებიც ამ ნაწილში იყო განთავსებული, დარჩნენ.

ამ ტერიტორიაზე არის 3 მრავალსართულიანი კორპუსი და 3 “სახლი”, რომელშიც 5 ოჯახი ცხოვრობს. ხის სახლები იქ მცხოვრებლებმა დაშალეს და ადგილზე ქვის სახლები ააშენეს. 62-ე რუსულმა სამხედრო ბაზამ, რომელიც მოიცავდა «მე-15 გარადოკს», ახალქალაქი 2007 წელს დატოვა. 15 წელი გავიდა, მაგრამ ამ სახლების მცხოვრებლები სახლების პრივატიზებას ვერ ახერხებენ.

ნაზენ ღუკასიანი ერთ-ერთ სახლში 1998 წლიდან ცხოვრობს. ამბობს, რომ 24 წელია სახლის პრივატიზებას ვერ ახერხებენ, გაურკვეველ მდგომარეობაში ცხოვრობენ.

„გვინდა პრივატიზება, არ აკეთებენ, 2007 წელს ბაზა წავიდა, მას შემდეგ სახლი ვერ დავარეგისტრირეთ, ორდერიც გვაქვს. პირადად მე მივმართე სამინისტროს, გვეუბნებიან, – დაელოდეთო. რამდენ ხანს ველოდოთ, გვეუბნებიან, – არავინ გაგდებთო. დიახ, ეს ასეა, მაგრამ გვინდა ჩვენი სახლი გავანაწილოთ მემკვიდრეებს შორის, უკვე ასაკოვნები ვართ“, – ამბობს ნაზენ ღუკასიანი.

გალინა პეტროსიანიც ერთ-ერთი სახლის მცხოვრებია. სახელმწიფო რეესტრს ბოლოს, ორი წლის წინ მიმართა, საბუთები წარადგინა და პასუხს ელოდება.

გვითხრეს, დაველოდოთო, მერე გვითხრეს, – ვერ ვპოულობთ თქვენს ადგილმდებარეობასო, – როგორ შეიძლება, ჩემი ავტოფარეხის პრივატიზება გავაკეთე, სახლისა კი ვერა. როგორ მოხდა, რომ ზოგიერთმა პრივატიზაცია გააკეთა და ჩვენ ახლა არ შეგვიძლია“, – ამბობს გალინა პეტროსიანი.

ფაქტია, რომ 15-ე სამხედრო ნაწილის დახურვის შემდეგ ადამიანებს სახლების პრივატიზების უფლება ცოტა ხნით მისცეს, შემდეგ კი აუკრძალეს. ამ დროს ზოგიერთმა მოახერხა სახლების პრივატიზება.

კიდევ ერთი მცხოვრები ამბობს, რომ ორი წელია იბრძვიან ქონების დასარეგისტრირებლად, მიუხედავად იმისა, რომ აქ 60 წელია ცხოვრობს.

 

 

gorodok15

იმის გასარკვევად, თუ როდის არის შესაძლებელი ე.წ N15 სამხედრო ქალაქში მცხოვრებთა პრობლემის მოგვარება, Jnews-მა ახალქალაქის სახელმწიფო ქონების დეპარტამენტის უფროსს თამაზ გვარამაძეს მიმართა.

როგორც მან გვითხრა, საკითხი მალე მოგვარდება.

“პრობლემის შესახებ ვიცით, განვიხილავთ, ეკონომიკის სამინისტრო და ახალქალაქის მერია განიხილავენ ამ პრობლემას, მუშაობენ, დეტალებზე. რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი პრივატიზაციის დეტალები”, – თქვა თამაზ გვარამაძემ.