გასულ კვირას ბათუმში საქართველოს კრივის ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც 11 ახალქალაქელი სპორტსმენი მონაწილეობდა. გარდა იმისა, რომ ახალქალაქელმა სპორტსმენებმა მოპოვებული მედლეჯის რაოდენობით ბრწყინვალე შედეგი დადეს, რინგზე, ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლაში კლასიკური, ლამაზი კრივიც აჩვენეს.
კრივში საქართველოს 2023 წლის ჩემპიონატის შედეგების მიხედვით, 5-მა ახალქალაქელმა მოკრივემ საქართველოს ჩემპიონის წოდება მიიღო და ოქროს მედლებით დაბრუნდა, 2-მა ვერცხლის მედალი მოიპოვა, 1-მა კი – ბრინჯაო. ახალქალაქის ნაკრებმა უპრეცედენტო შედეგი აჩვენა და საქართველოს ნაკრებში მე-8 ადგილი დაიკავა.
გულშემატკივრებისთვის ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ეპიზოდი ორი მეგობრის, არტიუშ გომციანისა და არმენ გრიგორიანის შეხვედრა იყო. ორივე მოზრდილთა შორის 60 კგ წონით კატეგორიაში ფინალში გავიდა და რინგზე შეხვედრასაც ელოდნენ. გულშემატკივრების შეძახილები ამ ბრძოლისას აღარ ისმოდა და მან სიჩუმეში ჩაიარა.
Jnews-ი სპორტსმენების განცდებითაც დაინტერესდა: რას გრძნობდნენ, როდესაც ერთმანეთის პირისპირ იდგნენ. ორივემ აღიარა, რომ მათი ბრძოლა პროგნოზირებადი იყო, რადგან ერთ წონით კატეგორიაში ასპარეზობდნენ და ორივე ფინალში გავიდა.
„ერთმანეთს ძლიერად არ ვესხმოდით, ძირითადად, ლამაზი კრივი ვაჩვენეთ და ამის გამო ტრიბუნაც ტაშს გვიკრავდა. ძალიან დადებითი შთაბეჭდილებები დაგვრჩა და გახარებულებიც ვართ – ნაკრების წევრები გავხდით, რაც დიდი პასუხისმგებლობაა, კონკურენცია კი მოტივაციაა, გავუმჯობესდეთ. წინასწარ არაფერზე არ შევთანხმებულვართ და შებრძოლებამდეც არ გვილაპარაკია“, – განმარტავს არმენ გრიგორიანი.
არმენის თქმით, როდესაც ის და გომციანი რინგზე იმყოფებოდნენ, დიდი შეჯიბრის განცდა არ ჰქონია: “სპარინგივით იყო. ვარჯიშებზე ყოველთვის ერთად ვიბრძვით, ვვარჯიშობთ. იგივე გრძნობა დამეუფლა”.
არტიუშ გომციანიც მოვლენების ასეთი განვითარებისთვის მზად იყო.
“კენჭისყრის დროს ის ერთ მხარეს ამოვიდა, მე – მეორე მხარეს. გაირკვა, რომ თუ ორივე გავიდოდით, ერთმანეთთან შებრძოლება მოგვიწევდა”.
მისი თქმით, ეს სპორტია და ასეთი სიტუაციებისთვის მზად უნდა იყო: “არაფრის გაკეთება არ შეიძლება, ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვართ, მაგრამ ეს სპორტია, უნდა გახვიდე და იბრძოლო”.