ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ საკრებულოს 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა შესთავაზა, რათა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული კომუნალური გადასახადების სუბსიდირების ფარგლებში მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სამი თვის დასუფთავების თანხა გამოუყონ.
კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების სიტუაციის გამო საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება გადასახადები დაუფაროს იმ აბონენტებს, რომლებიც მარტის, აპრილის და მაისის თვეებში 200 კუბამეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს და 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას გამოიყენებენ. იმავე აბონენტებს წყლისა და დასუფთავების გადასახადსაც დაუფარავენ. თუმცა ახალქალაქში წყლისა და დასუფთავების სუბსიდია ჯერ არ მოქმედებს
Jnews-ი რამდენიმე დღის წინ შეეცადა გაერკვია, თუ რატომ არ მოქმედებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში წყლისა და დასუფთავების სუბსიდია და გაირკვა, რომ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების ახალქალაქის სერვისცენტრს ამ მხრივ არავითარი განკარგულება არ მიუღია და წყლის სუბსიდიები აქ არ იმოქმედებს. ახალქალქის სერვისცენტრმა, რომელიც დასუფთავებით არის დაკავებული, მიმართა მერიას, რათა გაეგო, თუ გადასახადის აკრეფის თაობეზე როგორ მოიქცეს.
დღეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა, იურიკ უნანიანმა Jnews-თან საუბრისას თქვა, რომ მათ თხოვნით მიმართეს საკრებულოს, რათა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის გადასახადის დაფარვის მიზნით ახალქალაქის სერვისცენტრს თანხა გამოუყონ. თუ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2020 წლის ბიუჯეტის ცვლილებებს დაამტკიცებს, ახალქალაქისა და სოფლების მოსახლეობა დასუფთავების სამი თვის (მარტი, აპრილი და მაისი) გადასახადს არ გადაიხდის.