რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციების შემდეგ, ქვეყანა ბერმა კომპანიამ დატოვა, მათ შორისაა Inditex ჯგუფის მაღაზიები, H&M, სპორტული (Nike, Adidas და ა.შ.) და ძვირადღირებული ტანსაცმლის ბრენდები, ელექტრონიკის, ავტომობილების მწარმოებლები, სწრაფი კვების ქსელი და მრავალი სხვა. როგორ შეიცვალა მოსკოვის მოსახლეობის ცხოვრება და რა გავლენა იქონია ამ კომპანიების წასვლამ მათ ყოველდღიურობაზე – Jnews-ს რუსეთის დედაქალაქის სხვადასხვა პროფესიის რამდენიმე მცხოვრები ესაუბრა.
რესპონდენტებმა ანონიმურობა მოითხოვეს, ამიტომ Jnews-ი მათ კომენტარებს სახელების გარეშე გაგაცნობთ.
რუსეთში სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებს შეხვდებით. ზოგი იდეოლოგიური პატრიოტია, რომელიც მიიჩნევს, რომ სანქციები მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკისთვისაა კარგი, მხარს უჭერს ადგილობრივ მწარმოებლებს, ზოგი ნეიტრალურია და სიახლეებს ეგუება, ზოგი ქვეყანას ნაწილობრივი შეზღუდვებისა და მობილიზაციის შიშის გამო ტოვებს.
Inditex ჯგუფის მაღაზიებმა (Zara, Massimo Dutti, Pull and Bear, Stradivaruis, Bershka) რუსეთის ბაზა 2022 წლის გაზაფხულს დატოვეს. ფასების მიუხედავად, ბევრი მცხოვრები ტანსაცმელს სწორედ იქ ყიდულობდა. ახლა კი მათი საყვარელი მაღაზიების შემცვლელებს ეძებენ.
„რთულია, მაგრამ ალტერნატივა ბევრია. მაღაზიას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ტანსაცმელი და ფასი მომეწონოს, ამიტომ ყველა მაღაზიაში დავდიოდი, ზოგიერთი უკვე წავიდა ქვეყნიდან“, – ჰყვება კოსმეტოლოგი მოსკოვიდან.
„ჩემთვის ისეთი ბრენდის წასვლა, როგორიც Ikea-ა, დიდ პრობლემად იქცა, რადგან ადგილობრივი მწარმოებლები ვერაფერს მთავაზობდნენ, ხოლო ვინც შეძლო, ფასები აწია. ბინის ავეჯი Ikea-ში იაფი ჯდემოდა და თანამედროვე და ხარისხიანი იყო. ტექნიკის და სათადარიგო ნაწილების პრობლემაც გაჩნდა. მანქანების მომსახურება და სათადარიგო ნაწილები გაძვირდა, ნორმალური მანქანები ოფიციალურად არ შემოდის, “ჩინეთიზიზაცია” მიმდინარეობს და ყველა დარჩენილი მანქანა გაძვირდა. მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოტანა უფრო იაფი ჯდება და უმეტესობა ასეც იქცევა“, – აცხადებს ინჟინერი მოსკოვიდან.
“სამწუხაროა, რომ ტანსაცმლის ბრენდები წავიდნენ, მაგრამ პარალელური იმპორტის შესახებ კანონი ამას აბალანსებს. მართალია ფიზიკური შოპინგი დაზარალდა, მაგრამ ტანსაცმელი კვლავ ისეთია და ონლაინ ეპოქა ახლა ყვავის”.
2022 წლის გაზაფხულზე სწრაფი კვების რესტორნები და გლობალური ბრენდი McDonald’s-ი რუსეთში 30 წელზე მეტი ხნის მუშაობის შემდეგ დაიხურა – 45 რეგიონში 700-ზე მეტი ობიექტი. ივნისში ბრენდის ყველა რესტორანი ალექსანდრ გოვორმა შეიძინა და ახალი სახელით გაიხსნა – “გემრიელია და წერტილი”. თუმცა, გამოკითხულთა უმრავლესობა თანხმდება, რომ ახალი ქსელი თითქმის ძველის იდენტურია.
“მაკდონალდსის წასვლამ ჩემს ცხოვრებაზე გავლენა არ იქონია”
“ვფიქრობ, “გემრიელია და წერტილი” 85%-ით მაკდონალდსის მსგავსია”
“ნორმალურია, საკვები იგივეა”
მოსკოველმა მეწარმემ კი Coca Cola-ს წასვლით ისარგებლა:
“კოლას წასვლა დადებითი გამოდგა, რადგან იმპორტირებულს ახლა უფრო ძვირად ვყიდით. “კეთილ კოლას” იგივე ქარხანა აწარმოებს. მაგრამ რადგან ზოგიერთს აუცილებლად Coca-Cola სურს, იგი საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და სხვა ქვეყნებიდან შემოდის”.
„მაკდონალდსის დახურვის შემდეგ “გემრიელია და წერტილია” გაჩნდა, ყავას იგივე გემო აქვს, ბურგერები დიდად არ შეცვლილა. განსხვავებას ვერ ვხედავ“, – ამბობს ინჟინერი მოსკოვიდან.
ზოგადად, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება ცოტათი შეიცვალა, რესპონდენტთა უმეტესობამ განაცხადა, რომ ისინი შეზღუდვის გამო ემოციურ და ფსიქოლოგიურ დისკომფორტს გრძნობენ .
”ლოგიკურად, ეს ყველაფერი ადვილი არ არის, რადგან კონკრეტული ადამიანების ამბიციების გამო მძევალი გახდი. ამდენი ადამიანი დაიღუპა, ბევრი უსახლკაროდ დარჩა, მაგრამ ამის მაგივრად, ჩემს შეგრძნებებზე ვისაუბრებ. ცხოვრება უფრო მძიმე გახდა, ეს ფაქტია“, – აცხადებს ინჟინერი მოსკოვიდან.
„ქმედებებში შებოჭილი ვარ. ვიზღუდები და ყველა გაუგებარ პანიკაშია, რაც ასევე გამაღიზიანებელია, მაგრამ რადგან, როგორც სომხეთში, აქაც მაქვს ალტერნატივა, ცოტა მშვიდად ვარ“, – ჰყვება კოსმეტოლოგი მოსკოვიდან.
როგორც ხედავთ, მოთხოვნის არსებობისას არჩევანი ყოველთვის ჩნდება, თუნდაც შეზღუდვებით და ხალხი დროთა განმავლობაში ყოველივეს ეჩვევა. ვისაც ეს არ უნდა, სხვა საცხოვრებელს ეძებს.