Jnews-მა ახალქალაქის სოფლების მოსახლეობის მდგომარეობა რამდენიმე მიმართულებით გამოიკვლია და დაადგინა, რომ სოფლების პრობლემები, მსგავსების მოუხედავად, განსხვავდება: სოფლების უმეტესობას წყალმომარაგების (ზოგში ზაფხულში არ არის საკმარისი, ზოგში ყოველთვის) პრობლემა აწუხებს. არ აქვთ გასართობი და კლასგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულებები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რათა ქალაქში არსებული მომსახურებებით უფრო აქტიურად ისარგებლონ.
Jnews-მა ინტერვიუ ახალქალაქის 64-ვე სოფლის ინფორმირებული (მერის წარმომადგენლები, სპეციალისტები, სკოლის დირექტორები, ექთნები და ა.შ.) წარმომადგენლისგან აიღო და ცნობების ანალიზით კვლევის რამდენიმე კონკრეტულ მონაცემს წარმოგიდგენთ.
წყალმომარაგება
რადგან სასმელი წყლის პრობლემა პრიორიტეტული იყო (სოფელ თოთხამის წარმომადგენელის თქმით, წყალი ჯერ მცხოვრებლებს სჭირდებოდათ და შემდეგ კარტოფილს), სარწყავ სისტემებზე პარალელური სამუშაოები არ ჩატარებულა, ამიტომ სასმელი წყალი სარწყავად გამოიყენება და პირველადი დანიშნულებისთვის საკმარისი აღარ არის. სარწყავ სეზონზე მცხოვრებთა მინდვრებში გამავალ წყალსადენებზე სარწყავად გაკეთებული ხვრელები იხსნება, მილებში წნევა ეცემა და წყალი ადრესატამდე ვერ აღწევს, ზამთარში კი, წყალი რომ არ გაიყინოს, ეზოებში მუდმივად მიედინება და წნევაც ეცემა.
აქტივობები ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის
დანარჩენ სოფლებს საცეკვაო ჯგუფები, სპორტული სექციები და მოედნები, ახალგაზრდების თავშეყრის ადგილები აქვთ.
რამ მიიქცია ჩვენი ყურადღება:
ბურნაშეთში პოტენციური შენობაა, რომელსაც არ იყენებენ. სოფელ ხულგუმოდან ბევრი ბავშვი ქალაქის სხვადასხვა სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სპორტულ ცენტრში დადის. სოფელ ხანდოდან ერთი ბავშვი ჭადრაკის გაკვეთილებზეც დაჰყავთ, მაგრამ ამის შესაძლებლობა ყველა მშობელს არ აქვს.
სოფლების უმეტესობაში ბავშვებს არ აქვთ შესაძლებლობა დაესწრონ კლასგარეშე სპორტულ და საგანმანათლებლო სექციებს, რადგან ისინი არ აქვთ და ქალაქის სამხატვრო, მუსიკალურ სკოლაში, სპორტულ თუ სხვა კლასგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუდმივად ვერ ივლიან.
ტრანსპორტი
საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც მუნიციპალიტეტში რამდენიმე მიმართულებით მოძრაობს, ერთ რეისზე დადის: დილით 9:00 საათზე (ან უფრო ადრე) სოფლიდან ქალაქში მიემგზავრება, დღის მეორე ნახევარში, 13:00 საათზე ბრუნდება. შედეგად, მგზავრები თავიანთ საქმეებს ვერ აგვარებენ, ხოლო სოფლის ბავშვები ქალაქში არსებულ შესაძლებლობებს ვერ გამოიყენებენ.
გზები
სოფლების გზები ძირითადად მოუასფალტებელია
მუნიციპალური გზების რეაბილიტაცია ეტაპობრივად მიმდინარეობს, თუმცა ამ დროისთვის პრიორიტეტი სოფლების ერთმანეთთან ან მაგისტრალებთან დამაკავშირებელი გზებია.
გაზი
სოფლები ჩუნჩხა და პტენა 2019-2020 წლების გაზიფიცირების პროგრამაში შევიდნენ, მაგისტრალური გაზსადენიც აშენდა, თუმცა გაზი მაინც არ მიეწოდებათ.
მასალაში მოყვანილ მონაცემებში შესაძლოა ცდომილებები იყოს, რადგან ინფორმაცია ოფიციალური ფაქტების გარდა, პირადი ინტერვიუებით შეგროვდა, სადაც რესპონდენტის სუბიექტური აღქმაც იგულისხმება.