საქართველო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (ჯანმო) კვლევაში ერთვება, რომელმაც 4 შერჩეული მედიკამენტიდან, კორონავირუსის ინფექციის საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტიანი სამკურნალო საშუალება უნდა გამოავლინოს და შეარჩიოს.
როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში განაცხადა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ დიდ მულტიცენტრულ კვლევაში მონაწილეობა საქართველოს დაახლოებით 2-3 კვირის წინ შესთავაზე.
მისივე ინფორმაციით, ერთმანეთს უნდა შედარდეს 4 სხვადასხვა მედიკამენტის ეფექტიანობა. ეს არის „რემდესივირი“, რომელიც ჯერჯერობით ფავორიტად ითვლება და ყველაზე მეტ ინტერესს იწვევს; „პლაქვენილი“, რომელიც საქართველოში დიდი წარმატებით გამოიყენება თებერვლიდან მოყოლებული; მესამე – „ლოპინავირ/რიტონავირი“; მეოთხე მედიკამენტი – „ლოპინავირ/რიტონავირი“ და დამატებულია „ინტერფერონი ბეტა“.
“მათგან იყო წინადადება, საქართველოს არ მიუმართავს. იმათ მოგვმართეს და საქართველო დასთანახმდა. ეს იქნება მსოფლიოში COVID -19-ის საწინააღმდეგო მედიკამენტების ეფექტიანობის დასადგენად ყველაზე დიდი კვლევა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არჩევს ქვეყნებს, რომლებსაც შეუძლიათ ეს კვლევა შეასრულონ იმ სტანდარტებით, რომელიც მათ სჭირდებათ. ისინი არ შესთავაზებდნენ ისეთ ქვეყნებს, რომლის მონაცემებსაც არ ენდობიან”, – აცხადებს ცერცვაძე.
როდის დაიწყება კვლევა, ცერცვაძის თქმით, ზუსტი თარიღი უცნობია.
“ეს დამოკიდებულია ჩვენზე, ბიუროკრატიული პროცედურებია გასავლელი. კვლევა დროში არ არის შეზღუდული, რამდენ ხანს გაგრძელდება არ ვიცით. ამ კვლევას აქვს ძალიან მკაცრი პროტოკოლი, ზუსტად არის გაწერილი ის მაჩვენებლები, რომელიც პაციენტს კვლევის დაწყებამდე უნდა გაუკეთდეს და კვლევის პროცესში რა მაჩვენებლებით უნდა გაკონტროლდეს ამ მედიკამენტების ეფექტიანობა”, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.
მისივე ინფორმაციით, კვლევაში ჩართულია 20-ზე მეტი ქვეყანა. ყველა ქვეყნიდან მონაცემები გაიგზავნება სათაო ოფისში, სადაც შედეგები შეფასდება და გაანალიზდება სპეციალური მეთოდოლოგიით.
როგორც ქართველი სპეციალისტი ამბობს, ეს კვლევა მსოფლიოსთვის იმით არის მნიშვნელოვანი, რომ მეტ-ნაკლებად გაირკვევა დღეს არსებული მედიკამენტებიდან, რომელია უკეთესი. თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ შეიძლება გამოჩნდეს კიდევ უფრო უკეთესიც.