ჯანეტ მკოიანის სახლიდან სოფელი ორჯას სალოცავზე, აზმარზე, ძალიან ლამაზი ხედი იშლება. სოფლის მოსახლეობისათვის ამ ადგილს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ჩვენი გმირისათვის მან დიდი ხანია დაკარგა არსი. მარტოხელა ქალი, რომელმაც დაკარგა შვილები, რთულ სოციალურ პირობებში ცხობვრობს.

hazmar

75 წლის ჯანეტ მკოიანი უკვე მეხუთე წელია მარტო ცხოვრობს. მისმა ორმა ვაჟიშვილმა და მეუღლემ ეს ცხოვრება უდროოდ დატოვეს. დიდ და ცარიელ სახლში, კატა მისი ერთადერთი მეგობარია.

მარტოხელა ქალს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ფეხები სტკივა, მას გადაადგილება უჭირს, რაც უფრო ართულებს ისედაც რთულ ცხოვრებას.

«ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ არ მაქვს წყალი, ბავშვები მიზიდავენ, ან მე გავდივარ და ვინც მხვდება იმას ვთხოვ წყალი მომიტანოს. მე მითხრეს, რომ მერიიდან 800 ლარი გამოყეს ამ საკითხის მოსაგვარებლად, თუმცა დღემდე არავითარი სიახლე არ არის. წყალი მაინც მქონდეს, თორემ სიარული არ შემიძლია»,- ამბობს ჯანეტ მკოიანი.

jrer

ის წყალს ჭურჭელში აგროვებს და ძალიან რცხვენია, ყოველთვის უხერხულად გრძნობს თავს, როდესაც მეზობლებისგან ან გამვლელებისგან წყლის მოტანის თხოვნა უწევს.

Jnews-მა ამ საკითხით ახალქალაქის მერს, იურიკ უნანიანს მიმართა.

«მე არ ვიცოდი, რომ მას ასეთი პრობლემა აქვს, რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრ საკითხში დავეხმარეთ და ამ საკითხსაც მოვაგვარებთ. მას ამ პრობლემის შესახებ ჩვენთვის არ უთქვამს, შეიძლება სხვას მიმართა. ჩვენთვის რომ ეთქვა, ჩვენ დანაპირებს ყოველთვის ვასრულებთ. ახლა მან უნდა დაწეროს განცხადება, რათა ჩვენ შევადგინოთ პროექტი. ეს ერთი დღის საკითხი არ არის, მაგრამ შევეცდებით მალევე მოვახდინოთ რეაგირება. თუ დაწერს განცხადებას, ჩვენ გავაგზავნით ადამიანს, რომელიც გაზომავს და ტერიტორიის ფართობს გამოითვლის»,- გვიპასუხა მერმა, იურიკ უნანიანმა.

მას აქვს ბუნებრივი აირი, სახელმწიფო დაეხმარა, აჩუქეს გაზის გამათბობელი. თუმცა, ზამთარში ის შეშით თბება, რადგან უფრო იაფი უჯდება. ადრე ბებია ჯანეტი პენსიის გარდა მარტოხელა მოხუცების დახმარებასაც ღებულობდა, მაგრამ უკვე ექსვი თვეა, რაც აღარ ღებულობს. მოვიდნენ, დაითვალეს სოციალური ქულები და დახმარება შეუწყვიტეს.

«იყო მოსული ორი ადამიანი, არ ვიცი რა დაწერეს, რა გააკეთეს, მაგრამ ამის შემდეგ მე დახმარება შემიწყვიტეს. მე ამის შესახებ სოფლის რწმუნებულს ვაცნობე, მან მიპასუხა, რომ უკვე მიმართა და საკითხი მოგვარდება. მითხრა, რომ გასული თვეების დახმარებასაც გადამიხდიან, რომ მოვლენ და ხელმეორედ შეამოწმებენ. დიდი იმედით ველოდები მათ, ვნახოთ რა მოხდება»,- ყვება ის.

მისთვის თითოეული თეთრი მნიშვნელოვანია, ის პენსიიდან დანაზოგ თანხას ობოლ შვილიშვილებს უგზავნის.

«მე ობოლი შვილები მყავს, მათ ვუგზავნი თანხას. ჩემთვის არაფერს ვაკეთებ, სრულიად იმედგაცრუებული ვარ»,- თავდახრილმა ბებია ჯანეტმა გაგვიზიარა და ცრემლები დამალა.

ის დაიბადა და ცხოვრობდა ახალქალაქის რაიონის სოფელ ორჯაში, შემდეგ 2002 წელს ოჯახით რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად და 14 წლის შემდეგ დაბრუნდა. 2013 წელს ცხოვრებამ პირველი დარტყმა მიაყენა, მან უფროსი 45 წლის შვილი დაკარგა. 2014 წელს მეორე, 38 წლის შვილი, დაკარგა, ხოლო 2015 წელს მისი მეუღლე დაიღუპა. ცხოვრებამ მისთვის აზრი დაკარგა. მუდმივად აცრემლილი თვალებით, ის საკუთარი შვილიშვილებისთვის ცხოვრობს.

ჯანმრთელობის პრობლემების გამო ის ფიზიკურ სამუშაოებს ვერ ასრულებს.

«მე არ შემიძლია კარტოფილის მოყვანა ან მიწის დამუშავება, ძალიან მტკივა ფეხები»,- ამბობს ის.

მისი თქმით, ნახევარი დღე წარსულის მოგონებებს მისტირის, ხოლო მეორე ნახევარს რეალობის გაცნობიერებას უთმობს. მას ტელევიზორიც კი არ აქვს, საღამოობით რომ უყუროს. მას ხანში შესული მეზობლები ჰყავს, რომლებთანაც 20:00 საათამდე ატარებს დროს, ყოველი შემთხვევისთვის, ასე ცოტათი მაინც გადაერთვება ხოლმე.

«მე ჩემი ცხოვრების განმავლობაში ცუდი არავისთვის გამიკეთებია. ღმერთმა რატომ წამართვა შვილები?»,- ამბობს ის.

ჯანეტ მკოიანი 30 წლის განმავლობაში სოფელში ექთნად მუშაობდა, ის ორჯაში და ახლობმდებარე სოფლებში აცრებს აკეთებდა.

«მარტო ცხოვრება აუტანელია, თითქოს გამოქვაბულში ცხოვრობდე».