არაერთხელ მითქვამს და ეს ჩვენი პოლიტიკით, ქმედებით დავადასტურეთ, რომ ყველა ქვეყანას, ყველა ქვეყნის სუვერენტიტეტს პატივს ვცემთ, მაგრამ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, არ არის სასიამოვნო უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებების მოსმენა, თუმცა ვინაიდან ქვეყანა ომშია, საქართველოს ხელისუფლებას არ სურს ამ თემის დამატებით კომენტირება.

„რა თქმა უნდა, ჩვენთვის არ იყო სასიამოვნო, ვთქვათ პირდაპირ, იმ განცხადებების მოსმენა, რომლებსაც ვისმენთ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, თუმცა აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ ვინაიდან ქვეყანა, მათი მთავრობა და ხალხი არის ომში, ამიტომ ჩვენ ამ თემაზე არ გვსურს ზედმეტი განცხადებების გაკეთება, ამ თემის კომენტირება. მინდა, ერთი რამ ვთქვა, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის ჩვენი საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა. მე არაერთხელ მითქვამს და ჩვენ ეს ჩვენი პოლიტიკით, ჩვენი ქმედებით დავადასტურეთ, რომ ჩვენ, ბუნებრივია, ყველა ქვეყნის სუვერენტიტეტს პატივს ვცემთ, ყველა ქვეყანას პატივს ვცემთ, მაგრამ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა. შესაბამისად, ჩვენი, ყველას მთავარი ვალდებულება არის, ჯერ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა. ბუნებრივია, ამ დიდ საქმეში თქვენი, ელჩების როლი არის განსაკუთრებული, რათა სწორად მივიტანოთ დედაქალაქებში ჩვენი სათქმელი, სწორად წარმოვაჩინოთ საკუთარი ქვეყნის ინტერესები და სწორად, ეფექტიანად გავუმკლავდეთ იმ დეზინფორმაციულ კამპანიას, რომელიც მოედინება არა მხოლოდ, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არის ორკესტრირებული შეტევა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე. ამიტომ ამ შეტევას, დეზინფორმაციას სჭირდება ეფექტური საპასუხო მოქმედებები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.