ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, არარატ ესოიანმა, 50 წლამდე კაცი, რომელიც 10 წლის ბავშვზე არაერთხელ განხორციელებულ სექსუალური ხასიათის ქმედებაში იყო ბრალდებული, უდანაშაულოდ ცნო. მცირეწლოვანის მარტოხელა დედა მოსამართლის გადაწყვეტილებას აპროტესტებს და კაცის დასჯას ითხოვს. ინფორმაციას Sknews.ge ავრცელებს.
დედის ინფორმაციით, მეზობელმა კაცმა მისი მცირეწლოვანი შვილი არაერთხელ, მოტყუებით შეიყვანა სახლში და იძალადა. გარდა ამისა, იგი სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა მცირეწლოვანს, თუ ის მომხდარზე ვინმეს შეატყობინებდა.
„აშინებდა, რომ დედას თუ მოუყვები ამას, მე შენ მოგკლავო. მოატყუა ჩემი შვილი. ორჯერ მოხდა…შეიყვანა სახლში და დააბა… ჩემმა მეზობელმაც დაინახა. მე არავის ვაპატიებ ამას! უბრალო დანაშაულებზე იჭერენ ადამიანებს და 10–15 წელს უსჯიან. ასეთ დამნაშავეს როგორ ათავისუფლებს სასამართლო? სასამართლო პროცესზე რომ შევედი, მოსამართლემ მკითხა რას ვითხოვდი, ფულს (სასამართლოს განმარტებით, ზიანის ანაზღაურება) თუ სხვა რამეს და ვუთხარი, რომ სამართალი მინდა და დამნაშავის უმკაცრესად დასჯა!“,–ამბობს იგი.
ბრალდებული კაცი, რომელიც მიმდინარე წლის მარტში დააკავეს, სასამართლომ უდანაშაულოდ 12 დეკემბერს ცნო. იგი ბრალს არ აღიარებდა.
სასამართლო პროცესი, საქმეში მცირეწლოვანი ბავშვის ფიგურირების გამო დახურულ რეჟიმში იმართებოდა. ყოფილი ბრალდებულის ადვოკატი, კახაბერ ასპანიძე ამბობს, რომ ბრალდება იყო ცილისწამება, რადგან მას დანაშაული არ ჩაუდენია.
„იგი გამართლდა ორივე ეპიზოდში. ჩვენი მტკიცებულებები დაადასტურა დნმ ანალიზმა, ვიდეოსათვალთვალო კამერამ და სხვა. ვიდეო აჩვენებს დროს და წამებს, რომ იმ დროში შეუძლებელი იყო აღნიშნული დანაშაულის ჩადენა“,–აცხადებს იგი.
სასამართლოს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სსკ–ს 138–ე მუხლის 4 ა ნაწილით მიმდინარეობდა, რაც დამნაშავის წინასწარი შეცნობით, 14 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე. 50 წლამდე კაცი წარსულში ქურდობის მუხლით არის ნასამართლევი.