დღეს ქალაქის რამოდენიმე მაცხოვრებელმა, ტაქსის მძღოლებმა და ახალქალაქის ცენტრალური ნაწილის მაღაზიების მეპატრონეებმა შეიტანეს განცხადება თხოვნით, რომ გაეხსნათ ქალაქის ცენტრალური მოედანი, რადგან ვიწრო ქუჩების გამო ცენტრალურ ნაწილში მოძრაობა პარალიზებულია.
განმცხადებელთა თქმით, იმის გამო, რომ ცენტრალური მოედანი გადაკეტილია, ქალაქის მიმდებარე ქუჩებში მუდმივი საცობები და გარჩევა- შეკამათებებია.
«მე პირადად ვაბარებ ლავაშს მაღაზიებში და მუდამ მიწევს ცენტრში მძღოლებთან შეკამათება, რადგან გამუდმებით ერთი მეორეს გზას უნდა უთმობდეს. იქმნება ავარიული სიტუაციები, გვიწევს შეკამათება და ლანძღვა. ამას წინად სასწრაფოს მანქანა გაიჭედა, ვერ ახერხებდა გადაადგილებას. ჩამოსული მძღოლები კი საერთოდ ვერ ერკვევიან მოძრაობაში»,- ამბობს ქალაქის მაცხოვრებელი, რომელმაც ხელი მოაწერა განცხადებას და გვთხოვა არ გაგვესაჯაროვებინა მისი სახელი.
განმცხადებელთა თქმით, მოედნის გახსნა აუცილებელია, რათა თავიდან ავიცილოთ კრიტიკული სიტუაციები.
«დიახ, ჩვენ გვესმის, რომ ყველაფერი ჩვენთვის კეთდება, სილამაზისთვის და ჩვენი შვილებისთვის, მაგრამ ცენტრალური ქუჩის გადაკეტვა თითქმის ერთი თვით- ეს მეტისმეტია. გადაეკეტათ მხოლოდ 31-ში»,- ამბობს ერთ-ერთი მაცხოვრებელი.
განმცხადებელი ამბობს, რომ განცხადებას ხელი 10-15 ადამიანმა მოაწერა. თუმცაღა მერიაში ჩვენ გვითხრეს, რომ ხელი მხოლოდ 4-მა ტაქსის მძღოლმა მოაწერა.
«ჩვენ მივიღეთ განცხადება, ხელი მოაწერა 4-მა ადამიანმა, რომლებიც ტაქსის მძღოლები არიან»,- ამბობს მერი იურიკ უნანიანი.
მერის თქმით, მათ არ შეუძლიათ ნაძვის ხის გადაადგილება, ან მისი დაშლა გზის გახსნის მიზნით.
«4 ადამიანი წინააღმდეგია, მაგრამ დაახლოვებით 4000- მომხრეა, ამიტომ ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ»,-ამბობს ის.
მისი თქმით, ყველგან ასე აკეთებენ როდესაც საჭიროა რამე ღონისძიების ჩატარება.
მერი ირწმუნება, რომ გასაგებია, ავტომანქანების მძღოლებს შეექმნა დისკომფორტი, თუმცაღა რამოდენიმე დღე სხვა ქუჩებით გადაადგილებაც არის შესაძლებელი.