4 მაისის მონაცემებით, საქართველოს სააფთიაქო ქსელებში 1,2 მილიონი ქართული წარმოების პირბადე გაიყიდა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, სულ წარმოებულია 2 651 183 ცალი პირბადე, საიდანც ჯამში დარიგებულია 2 271 190, მათ შორის საცალო ქსელს 1 498 850 ერთეული პირბადე მიეწოდა, ამათგან უკვე 1,2 მილიონი რეალიზებულია.
მათივე ინფორმაციით, პირველ ეტაპზე საქართველოში წარმოებული მრავალჯერადი გამოყენების პირბადეები, უსასყიდლოდ გადაეცა საზოგადოების მოწყვლად ფენას, მათ შორის პენსიონერებს და იმ კატეგორიას, რომელთაც სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე ხშირად უწევს ადამიანებთან კონტაქტი. ამასთან, 8 აპრილიდან პირბადეები სააფთიაქო ქსელებში იყიდება და თითოს ღირებულება 50 თეთრია.